საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს, ნინია კაკაბაძეს მაუწყებლის ცალკეული გადაცემების მთლიანი დაფინანსების, ასევე თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ არ მიუღია.
ხელფასების შესახებ ინფორმაცია ბორდის წევრმა საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 3 მაისს გამოითხოვა. ამ შემთხვევაზე საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონით განსზღვრული ვადები არ ვრცელდება, თუმცა მიაჩნია, რომ 10 სამუშაო დღე მაუწყებლისთვის ოპტიმალური ვადაა, მიაწოდოს ინფორმაცია ბორდის წევრს. მისივე თქმით, თუ ინფორმაციას ხვალ დღის ბოლომდე არ მიიღებს, მიმართავს სასამართლოს.
ნინია კაკაბაძის თქმით, სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომაზე, რომელსაც ვასილ მაღლაფერიძეც ესწრებოდა, მან მაღლაფერიძეს ჰკითხა, როდის მიიღებდა ინფორმაციას, რაზეც მაუწყებლის დირექტორმა უპასუხა, რომ „ფიქრობენ". მისივე თქმით, ამავე შეხვედრაზე ვასილ მაღლაფერიძემ სოციალურ ქსელში მის მიერ გამოთქმული მოსაზრება განცხადებად გაასაღა.
„კერძოდ, ვასილ მაღლაფერიძემ მითხრა, რომ სადღაც სოციალურ ქსელში ნახეს ჩემი კომენტარი, სადაც მე ვწერდი, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა დაწესებულება უნდა იყოს გამჭირვალე. მან ჩემი ეს მოსაზრება გაასაღა განცხადებად, თითქოს მე ვაპირებ, გავასაჯაროო ინფორმაცია ხელფასების შესახებ. ეს არის ტყუილი. ის, რომ საჯარო დაწესებულებები უნდა იყოს გამჭირვალე, არის ჩემი მოსაზრება და არაფრით არ ნიშნავს, რომ ხელფასების შესახებ ინფორმაციას გავასაჯაროებ. მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ არ ვაპირებ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას. " - თქვა ნინია კაკაბაძემ.
„ლიბერალმა" სცადა მაუწყებლის დირექტორთან დაკავშირება. მან ჩვენს სატელეფონო ზარს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხა.
თანამშრომლების ხელფასების მონაცემების გამოთხოვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათი ნაწილი კრიტიკულად შეხვდა აღნიშნულ მოთხოვნას.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, სულხან სალაძე "ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ ნინია კაკაბაძეს სრული უფლება აქვს გამოითხოვოს ეს ინფორმაცია და მისთვის უარის თქმა მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევა იქნება.