Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვასილ მაღლაფერიძე ნინია კაკაბაძის განცხადებას ეხმაურება

22 მაისი, 2018 21:15

„ნინია კაკაბაძემ თავად უნდა გადაწყვიტოს, სასამართლოში წავა, თუ რამე სხვა ინსტანციაში", – ასე პასუხობს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოს წევრ ნინია კაკაბაძის მორიგ განცხადებას, რომ მაუწყებლის თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სასამართლოს მიმართავს.

მაღლაფერიძის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი მოიქცევა კანონის ფარგლებში. როგორც მაღლაფერიძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანთანაც.

„ნინია კაკაბაძესა და სულხან სალაძეს შეუძლიათ, გააგრძელონ არაჯანსაღი და დისკრედიტაციაზე გამიზნული კამპანია, თუ მეტი საქმე არ აქვთ და ეს სურთ, პრესას ხან ერთი, ხან მეორე ინფორმაცია მიაწოდონ ყოველდღიურად.  ამით იყო დაკავებული ბატონი სულხან სალაძე, როცა სამეურვეო საბჭოს წევრი იყო და იმავეს  აგრძელებს ახლაც. ვფიქრობ, ქალბატონ ნინია კაკაბაძეს შეუძლია, საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები გამოიყენოს  არხის კეთილდღეობისთვის ან მის საწინააღმდეგოდ, ესეც მისი არჩევანია“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლა ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს გადის, არის  მნიშვნელოვანი წინსვლა და დაახლოებით 15 ადამიანი მიზანმიმართულად ეწევა ამ წინსვლისა და არხის დისკრედიტაციას.

„პირველ არხთან" საუბრისას მაღლაფერიძე ამბობს იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანიზაცია საქართველოში.

„თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამშრომლებსაც აქვთ თავიანთი უფლებები. სწორედ ამაზე გვქონდა კონსულტაციები თამარ ქალდანთან. რაც შეეხება ჩემს ხელფასს, ეს საჯარო ინფორმაციაა. ასე რომ, უნდა მოვიქცეთ კანონის შესაბამისად. ეს უნდა იყოს ჩვენი უპირველესი მიზანი და არა ვიღაცის ხუშტურები ან ახირებები.

„მათ ვურჩევდი, ჯერ ჩამოყალიბდნენ, მიდიან თუ არა სასამართლოში. ერთი კვირის წინ მიდიოდნენ, დღეს კი თავიდან ატეხეს ამბავი“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისივე თქმით, სულხან სალაძის ქმედებები თანდათან ამოჩემებას ემსგავსება, თუმცა მას აქვს ამის უფლება.

„ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მათ აქვთ ყველა ინფორმაციაზე წვდომა. სამეურვეო საბჭოს უნდა ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, რაც პრობლემა არასდროს ყოფილა. იურისტები ყოველგვარი ხმაურის გარეშე აწვდიდნენ ნებისმიერ ინფორმაციას. მომავალშიც ასე გაგრძელდება, მაგრამ როგორც კი ქალბატონი ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა, განაცხადა, რომ მისი მიზანია, საჯარო გახდეს ეს ინფორმაცია. შესაძლოა, ახლა ნინია კაკაბაძემ აზრი შეიცვალა, მაგრამ მან წარმოშვა ეს წინააღმდეგობა, როდესაც განაცხადა, რომ ხელფასების შესახებ ინფორმაცია უნდა გამხდარიყო საჯარო, რომ ეს მისი მოვალეობაა და ამას მიაღწევს.

ამის შემდეგ თანამშრომლებმა მომმართეს, რომ მათი ხელფასების შესახებ ინფორმაცია დაცული ყოფილიყო.

ჩვენ კანონის შესაბამისად მივმართეთ სამეურვეო საბჭოს და განვუცხადეთ, რომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს დაცული, ასევე მივმართეთ პერსონალური დაცვის ინსპექტორსაც. მან მოგვცა გარკვეული რეკომენდაციები. სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებენ პასუხს.

სულხან სალაძეს და ნინია კაკაბაძეს ვურჩევდი, სამართლებრივი გზით იარონ, ვიდრე განცხადებებს გააკეთებენ და ამით ეცდებიან ყურადღების მიპყრობას, რადგან მერე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ყოველი სიტყვა ბუმერანგივით უბრუნდებათ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. საუბარი არ არის მხოლოდ ხელფასებზე, ბევრი პერსონალური მონაცემია და ადამიანებს არ უნდათ ამის გამჟღავნება. სულხან სალაძეს ვურჩევ, კარგად წაიკითხოს კანონის ის მუხლი, სადაც ადამიანის უფლებებზეა საუბარი.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რეკომენდაციებს – სამეურვეო საბჭოს წევრებს ინფორმაციაზე წვდომა ისედაც აქვთ, თუმცა ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ ეს ინფორმაცია არ გახდეს საჯარო და არ შეილახოს ადამიანის უფლებები, რომლის დამცველადაცხშირად მათ თავი მოაქვთ, საკუთარი ინტერესების გამო, რომ სხვა ადამიანის უფლებები არ უნდა შელახონ“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

პირველი არხის გენერალური დირექტორის თქმით, ასეთი ქცევა არ შეეფერება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ეთიკას, რადგან არსებობს დაწერილი და დაუწერელი სტანდარტები, რომლითაც იგი უნდა მოქმედებდეს.

„როცა საუბრობენ არაკეთილსინდისიერებაზე, შეუძლიათ თავისკენ მოიკითხონ, რამდენად არის კეთილსინდისიერებასთან ახლოს მათი ქცევა და მოტივაცია.

ჩირქის მოცხება ორგანიზაციისა და იქ მომუშავე ადამიანებისთვის არ არის კეთილგანწყობილი ადამიანის პოზიცია. ნინია კაკაბაძის წინამორბედი იყო ბატონი სულხან სალაძე, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ ინფორმაციაზე. მას რომ რამე არაკეთილსინდისიერი ენახა, ისეც ყვირის ყველაფერზე და ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებდა.

ორი-სამი თვის წინ მოითხოვა სამეურვეო საბჭომ ხელფასებზე ინფორმაცია. სულხან სალაძეც იქ იყო და ვერაფერი ნახეს ამ ინფორმაციაში არაკანონიერი, არ იყო და იმიტომ. დღეს საჯაროდ გამოტანა მოინდომეს, რაც კანონის დარღვევაა. ამ სამეურვეო საბჭოში არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი და აქ რომ რამე ხდებოდეს, რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრს, ნინია კაკაბაძეს მაუწყებლის ცალკეული გადაცემების მთლიანი დაფინანსების, ასევე თანამშრომლების ხელფასების შესახებ ინფორმაციის ითხოვს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, სულხან სალაძე "ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ ნინია კაკაბაძეს სრული უფლება აქვს გამოითხოვოს ეს ინფორმაცია და მისთვის უარის თქმა მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევა იქნება. 

ნინია კაკაბაძეს საზმაუს თანამშრომლების ხელფასებზე ინფორმაცია ჯერ ისევ არ მიუღია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^