Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეა გურგენიძე სკოლიდან გაათავისუფლეს - პედაგოგი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

23 მაისი, 2018 16:32

იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თეა გურგენიძე ორთვიანი პაუზის შემდეგ სკოლიდან გაათავისუფლეს. ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ  სკოლის დირექტორმა გუშინ გადასცა.

ორი თვის წინ თეა გურგენიძე სკოლიდან გათავისუფლებას გადაურჩა, მაშინ მისი მხრიდან მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი სკოლის სამეურვეო საბჭომ არ დაადასტურა, რითაც ფაქტობრივად გააბათილა დისციპლინური კომიტეტის დასკვნა, რომელშიც სკოლის მასწავლებელს ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებიდან ორი თვის თავზე სკოლის დირექტორმა გურგენიძის გათავისუფლება შეძლო, რადგან საბჭოს, რომელმაც გურგენიძის მხრიდან ბავშვზე ძალადობა არ დაადასტურა, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგად უფლებამოსილება შეუწყდა, შესაბამისად მის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება გაბათილდა.  მათ შორის ისიც, რომელიც ამბობდა, რომ გურგენიძეს არ უძალადია ბავშვზე.

რა მოხდა იორმუღანლოს საჯარო სკოლაში

სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მიმდინარე წლის თებერვალში შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, თეა გურგენიძის მხრიდან სკოლის მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი დასტურდებოდა და ის სკოლიდან უნდა გათავისუფლებულიყო. 5 მარტს კი იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ თეა გურგენიძეს სკოლის მოსწავლეზე ფიზიკურად არ უძალადია და შესაბამისად, სკოლიდან არ უნდა გათავისუფლებულიყო.

როგორც „ლიბერალს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სკოლის დირექტორმა სამინისტროს შიდა აუდიტს მომხდართან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესწავლის მიზნით მიმართა. შიდა აუდიტმა კი საბჭოს გადაწყვეტილებაში ხარვეზები დაადგინა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

აქედან გამომდინარე, როგორც „ლიბერალს“ თეა გურგენიძემ განუცხადა, სკოლის დირექტორი მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას დაეყრდნო  დისციპლინური კომიტეტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც მის მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დასტურდებოდა.

„ლიბერალი“ იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ისმიხან მამედოვს დაუკავშირდა. მამედოვის თქმით, აუდიტის დასკვნაში საუბარია პროცედურულ ხარვეზებზე, რაც, მისივე თქმით, უმნიშვნელოა და არ უნდა გამხდარიყო სამეურვეო საბჭოს დათხოვნის მიზეზი.

უფრო კონკრეტულად კი, მამედოვის თქმით, საბჭოს ოქმი ორ ენაზე ქართულად და აზერბაიჯანულად მომზადდა. ქართულ ენაზე დაწერილ ოქმში თარგმანისას იყო უმნიშვნელო ხარვეზები: „მაგალითად, ქართულ ენაზე მომზადებულ ოქმს ეწერა, რომ სხდომას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, სინამდვილეში არ ესწრებოდა. ეს შეცდომა გაიპარა, რადგან შაბლონის (ნიმუშის) მიხედვით იყო დაწერილი და ყურადღება არ გამახვილებულა ხელმოწერისას ამ შეცდომაზე“.

ის მიიჩნევს, რომ თეა გურგენიძის სკოლიდან წასვლა, სკოლისთვის პროფესიონალი კადრის დაკარგვა იქნება.

„პედაგოგს მოსწავლე არ უცემია“ - იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დასკვნა

თეა გურგენიძე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს, რადგან მოსწავლეზე ფიზიკურად არ უძალადია და ეჭვობს, რომ მისი გათავისუფლების ინიციატორი საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მანანა ცუცქირიძეა. თეა გურგენიძე ამბობს, რომ სწავლის ხარისხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქართული სექტორის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ყოველთვის ღიად საუბრობდა, სწორედ ამიტომ სურთ მისი სკოლიდან გათავისუფლება.

მისივე თქმით, ის აპირებს სასამართლოს მიმართოს: „გუშინ, დილით მქონდა პირველი გაკვეთილი, როცა შუა გაკვეთილიდან დირექტორმა დამიბარა და მითხრა, რომ წერდა ბრძანებას ჩემი გათავისუფლების შესახებ. ვუთხარი, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა, ის გაეკეთებინა. ვაპირებ, სასამართლოს მივმართო და გავასაჩივრო სამსახურიდან ჩემი უკანონოდ გათავისუფლება. სამართლებრლივად უნდა აგოს პასუხი ასევე საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იმ ტყუილების გავრცელებისთვის, რასაც ჩემს შესახებ ამბობს, თითქოს მე წიგნი თავში ვურტყი  მოსწავლეს. გამოვითხოვთ და გავასაჯაროებთ აუდიოჩანაწერს, რათა ყველამ დაინახოს, რა მოხდა სინამდვილეში და რომ ბრალდებები უსამართლოა“.

თეა გურგენიძე ამბობს, რომ, გუშინ მისი სადამრიგებლო კლასის ყველა მოსწავლე (26 მოსწავლე) გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო, დღეს კი მისი თქმით, დირექტორის მოადგილემ ყველა მათგანს დაურეკა და უთხრა, რომ თუკი გაკვეთილებს კიდევ გააცდენდნენ სკოლიდან გარიცხავდნენ. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, „ლიბერალმა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს შესახებ შიდა აუდიტის დასკვნა გამოითხოვა, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ორშაბათს იორმუღანლოში პედაგოგის მხარდაჭერის მიზნით აქცია იგეგმება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^