Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უცნობი გურამიშვილი

24 მაისი, 2018 15:19

საბედნიეროდ, დავით გურამიშვილზე გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე რუსთაველზე, ვინაიდან „დავითიანი“ გადარჩა.

ეს კაცი, პრინციპში, ერთადერთია რუსთაველის შემდეგ, ვინც საქართველოზე ფიქრობდა. დანარჩენები, რაღაცნაირად, წვრილთემიანობაში გაერთნენ ან რუსთაველს ეჯიბრებოდნენ, ან მისი ეპიგონები იყვნენ. გურამიშვილი კი ის ადამიანია, რომელმაც ისტორიისა და გარემოებების დახმარებით თავად შექმნა საკუთარი თავი.

დავით გურამიშვილი საქართველოს სატახტო ქალაქ მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ მდებარე სოფელ გორისუბანში დაიბადა. საგურამოც, ბუნებრივია, გურამიშვილებთან არის დაკავშირებული. XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ცნობით, საგურამო განთქმული ყოფილა ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით, პირუტყვით, ნადირით, ფრინველით, ტყით, ველით და მთით. ეს ვახუშტის სიტყვებია. დღესაც შეიმჩნევა იქ ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები, ეს ის ადგილია, სადაც დავით გურამიშვილი დაიბადა და გაიზარდა. ის თავად ამბობს: „მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორის-უბანსა“.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

გურამიშვილების გვარი ზევდგინიძეების გვარიდან, კერძოდ კი გურამ ზევდგინიძისგან მომდინარეობს. გურამი წიწამურის ბატონი ყოფილა. საქართველოს მეფეები ზევდგინიძეების ამ შტოს ძალიან ხშირად იხსენებენ, როგორც დამსახურებულ შტოს. სწორედ აქ, გურამიანთ კარში აქვს გატარებული ბავშვობის მშფოთვარე წლები დავით გურამიშვილს. შესაბამისი სასკოლო განათლება ვერ მიიღო, რადგან, როგორც თავად იხსენებდა, თურქ-ყიზილბაშობა გვადგა თავს და იკლო სწავლამა: „თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი, სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!“ - საქართველოში ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

1727 წელს ყმაწვილი კაცი, 22 წლის დავითი აზნაურ გარაყანიძის ქალზე დაქორწინდა. ლეკიანობის შიშით ოჯახი თითქოს უფრო უსაფრთხო ადგილას - სოფელ ლამისყანაში გადასახლდა, თუმცა სწორედ აქედან მოიტაცეს გურამიშვილი.

მისი ბიოგრაფია ერთი დიდი, სერიოზული რომანია, რომელიც ელოდება მადლიანი, კარგი ქართველი მწერლის ხელს. მისი ამბავი, დაწერილი, როგორც ბიოგრაფია, თავისთავად საინტერესოა და უკვე არსებობს კიდეც, მაგრამ ეს ბიოგრაფია უნდა დაიწეროს როგორც რომანი, იმიტომ, რომ არის კიდეც რომანი.

გურამიშვილის ისტორია, ფაქტობრივად, ერთი კაცის თავს გადამხდარი საქართველოს ისტორიაა. გურამიშვილი უცნობი სწორედ იმიტომაა, რომ ვიღაც ფიქრობს, ერთი გაჭირვებული კაცის ამბავს ვკითხულობო, რეალურად კი ეს საქართველოს ამბავია. მან ასე დაინახა თავისი თავი. „დავითიანი“ ამბიციური პროექტია - საქართველო ტყვეობაში, საქართველო თავდასხმაში, საქართველო, რომელიც იბრძვის.

საგულისხმოა, რომ გატაცების შემდეგ გურამიშვილი ყოფას არ შეურიგდა და მხოლოდ ლოცვა-ვედრების იმედად არ ყოფილა - გაიქცა. დაიჭირეს და სასტიკად აწამეს, უარეს დღეში ჩააგდეს. ვერც ამ მარცხმა გატეხა მისი ურყევი ნება. ესეც საქართველოს გურამიშვილისეული პორტრეტი - საქართველო უტეხია, საქართველო მუდამ ბრძოლაშია.

საოცარი სულიერი ძალა გამოავლინა და კიდევ ერთხელ გაიქცა. მშიერმა, მწყურვალმა, ფიზიკურად დაუძლურებულმა, თითქმის მკვდარმა, მხოლოდ მეთერთმეტე დღეს გააღწია, ე.წ. სარუსეთოს. როგორც ჩანს, გაქცევა ისე ჰქონდა დაგეგმილი, რომ წინასწარ გააზრებული მარშრუტით ევლო. დღეს რომ შევხედოთ ამ მარშრუტს, დავრწმუნდებით, რომ 11 დღეში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას უმოკლესი გზით სიარული სჭირდებოდა და დავითმაც ასე იარა - „დღისით წინამძღვრად მზე მყვანდის, ღამით უჭვრეტდი მთვარესა, მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა“.

საოცარია, რომ კაცს, რომელსაც სასკოლო განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული, ასე კარგად შეეძლო ორიენტირება დღისითა თუ ღამით, თანაც ისე, რომ არც საგზალი ჰქონდა და არც დახმარების იმედი.

კავკასიონის გადალახვა, სამშობლოში დაბრუნება მისთვის შეუძლებელი იყო. ჯერ ერთი, გზა ჰქონდა გადაკეტილი, თანაც, შესანიშნავად ახსოვდა, თუ რა ხდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში. ამიტომაც, მისი ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ ჩრდილოეთის მხარე იყო - რუსეთის დასახლებები მაშინ მჭიდროდ ეკვროდა დაღესტანს, ხოლო მოსკოვში მისი დიდი მოძღვარი და საქართველოს დიდი მოამაგე, ჩვენი ყველაზე განათლებული მეფე - ვახტანგ მეექვსე და ქართველ მოღვაწეთა უზარმაზარი ამალა ეგულებოდა.

მფარველი რუსი მეგობრების ხელშეწყობით, თერგი-ასტრახანის გზით, 1729 წლისთვის პოეტი მოსკოვში, ვახტანგ მეექვსის კარზე აღმოჩნდა. გურამიშვილი დიდი პატივით მიიღეს და ჯაბადარდაშის თანამდებობაც უბოძეს. იმ იმედით, რომ საქართველო რაიმეს მიაღწევდა, სწორედ გურამიშვილს ჩააბარეს მომავალი ბრძოლებისთვის საჭირო იარაღის საწყობი.

საინტერესოა, რომ დავით გურამიშვილს ერთი თავისებურება ახასიათებდა - ის კარგად ვერ დაეუფლა რუსულ ენას და ამან, გარკვეულწილად, განსაზღვრა კიდეც მისი ბედი. ნაწილობრივ ამაშიც ვლინდება მისი გენიალური პოეტური ალღო და უნარი - არ დაშორებოდა ქართულ ენას. გურამიშვილი უცნაურად ერთგულებდა ქართულს, იმდენად, რომ მოხუცებულობაშიც კი საოცრად ღრმად ფლობდა მას და ეს იმ ვითარებაში, როცა დიდი ხნის განმავლობაში ერთი ადამიანიც კი არ ჰყავდა ქართულად გამომლაპარაკებელი. ასეთ ვითარებაში ბევრი კარგავს მშობლიურ ენასთან კონტაქტს, ყოველ შემთხვევაში, რაღაც რაოდენობის სიტყვები, სინტაქსური თქმები და ბევრი რამ იკარგება. გურამიშვილი კი პირიქით, დროის სვლასთან ერთად, უფრო და უფრო ღრმად შედიოდა მშობლიურ ენაში, საოცრად დახვეწილი ქართულით წერდა და მეტყველებდა.

მიიჩნევა, რომ სწორედ ეს ფაქტორი, რუსული ენის სათანადოდ ვერათვისება გახდა მიზეზი იმისა, რომ ასეთმა ნიჭიერი კაცი „პორუჩიკის“ წოდებას ვერ გასცდა. ვფიქრობ, ამ ლინგვისტური პრობლემის მთავარი მიზეზი სწორედ სამშობლოსა და მშობლიური ენისადმი განსაკუთრებული ერთგულება იყო. მან უარი ვერ თქვა იმ კულტურაზე, რომელსაც ეკუთვნოდა. მთელი ცხოვრება, პრაქტიკულად, უპერსპექტივო საქმეს ემსახურებოდა. ის, რომ მისი შემოქმედება საქართველოში აღმოჩნდა, საოცრებაა, სასწაულია, ამის იმედი, უბრალოდ, ვერ ექნებოდა. ალბათ „დავითიანს“ საკუთარი თავისთვის წერდა, რადგან, წესით, ვერც იფიქრებდა, რომ დღეს ჩვენ მასზე ვისაუბრებდით.

1738 წელს გურამიშვილმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, რადგან ვახტანგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ მან დაკარგა სამშობლოში დაბრუნების ყველა შანსი. რუსეთის სამსახურში ჩამდგარ გურამიშვილს უკრაინაში მამული ერგო. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში, რუსეთის სახელმწიფო ომებში იყო ჩაბმული,  ქართველი ჰუსარები კი, რომელთა რიგებში დავით გურამიშვილიც ირიცხებოდა, აქტიურად იბრძოდნენ რუსეთის დროშის ქვეშ და საფუძველს უქმნიდნენ იმას, რომ მომავალში რუსეთის არმიაში ორმოც ქართველ გენერალს ემსახურა.

გურამიშვილი რომ მამაცი იყო, ამაზე მისი ტყვეობიდან თავის დაღწევის ამბებიც  მეტყველებენ, თუმცა კაცს, რომელსაც საომარი ნათლობა სამშობლოში ჰქონდა მიღებული, რუსეთის დროშის ქვეშ ბრძოლამ უშიშარი ჰუსარის სახელი დაუმკვიდრა. მონაწილეობდა ყირიმის ომში და იბრძოდა ფინეთშიც. აქ, მძიმე საბრძოლო პირობებში, ქართველებმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს, ომის დასრულების შემდეგ კი უკრაინაში, საკუთარ მამულებში დაბრუნდნენ.

„დავითიანიდან“ ვიცით, რომ გურამიშვილს მამული გაპარტახებული დახვედრია, თუმცა მისი მოწესრიგება არ დასცალდა, რადგან ჰუსართა პოლკი კვლავ ომში გაუწვევიათ. გურამიშვილი რუსეთ-პრუსიის შვიდწლიან სისხლიან და დაუნდობელ ომში იბრძოდა. კისტრინის ბრძოლაში, 1758 წელს, 15 აგვისტოს, გურამიშვილი ტყვედ შეიპყრეს - გაქცეულ მტერს დადევნებულ გურამიშვილს ცხენი ჭაობში ჩაუვარდა, რა დროსაც გადმოვარდა და მხარი დაიზიანა. 1759 წლის დეკემბრამდე მაგდერბურგის ციხეში იჯდა.

გათავისუფლების შემდეგ, ომიდან დაბრუნებულს მხარი აღარ აღუდგა. როგორც მძიმე ავადმყოფი, 1760 წელს, „პორუჩიკის“ ჩინით პოლკიდან დაუთხოვიათ, თუმცა მისი დამსახურება სათანადოდ დაუფასებიათ და მატერიალურადაც დახმარებიან.

უკრაინაში დაბრუნებულს ძალა მოუკრებია და ახალგაზრდა ქალი, ტატიანა ვასილევნა, უთხოვია. მასთან ერთად გურამიშვილმა მამულში საშინლად მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა.  გავიდა წლები და აღმოჩნდა, რომ მთელი ენერგია, რომელიც ახალ სამშობლოს შეალია, იმისთვის სჭირდებოდა, რომ ეწერა... და წერდა: საგურამოზე, ზედაზენზე, საქართველოზე, მის წინაპრებზე, რუსთაველზე. მთელი ცხოვრება ქართულ ენასა და კულტურას ემსახურა, წერდა ამ საოცარ წიგნს, „დავითიანს“.

და აი, ხდება სასწაული - 1787 წელს, როდესაც უკრაინაში, კერძოდ კრემენჩუკში, ჩადის  ერეკლე მეორის მიერ წარგზავნილი საქართველოს ელჩიონი, რომელსაც ერეკლეს ვაჟი, მირიან ბატონიშვილი მეთაურობს. ამ ამბავს იგებს გურამიშვილი და სწორედ მირიანს ატანს საქართველოში „დავითიანის“ ერთადერთ ხელნაწერს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წიგნს, საკუთარ პირმშოს. ასეთი რამ შეიძლება არასოდეს მომხდარიყო, ეს საოცრებაა!

გურამიშვილი XVIII საუკუნის ძნელბედობის ჟამის მემატიანე და ისტორიის ქრისტიანული გაგების ერთგული მემკვიდრეა. ის მიიჩნევს, რომ უზენაესი მსაჯულის რისხვა კაცობრიობის მიერ არჩეული მრუდე გზის შედეგია - ჩვენ არასწორი გზა ავირჩიეთ და საღვთო საქმეთა ღალატმა ჩვენზე ღვთის რისხვა დაატრიალა. ასეთია მისი წარმოდგენა. ის ჩამოთვლის ჩვენი ერის დაცემის მიზეზებს და საერთოდაც, პროვიდენციალისტური თვალთახედვით, ისტორიის პროცესების წარმართვაში ადამიანის ზრახვებს, მიზნებს, პიროვნების თავისუფალი ნების არჩეულ ქმედებებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ჩვენი ცოდვიანი მისწრაფებები, უსამართლობა, ძალადობა, ბიწიერება პოეტის გაკიცხვის საგანია და ეს ბუნებრივიცაა. ამ ბოროტებას ურჩობა, ღმერთისგან დაშორება, უფლის დავიწყება მოჰყვა. სწორედ ამას უკავშირებს გურამიშვილი ქართლის კატასტროფის დასაწყისს. ქართველები ორგულნი გახდნენ, არც უფალს ემსახურებიან და არც უფლის მიერ კურთხეულ მეფეს. შეუჩნდათ ეშმაკის მანქანებანი და მოიკიდა ფეხი ისეთმა საშინელებამ, როგორიცაა მლიქვნელობა, ფარისევლობა, ტყუილი, ზაკვა; ყურად არ იღეს ღვთისმშობლის გაფრთხილება, სინანულისკენ მოწოდება - „დაყრუვდენ, ბრმანი შეიქნენ, საქმე ქნეს გასაშტერები!“.

სულიერმა სიბრმავემ, სიყრუემ, დააბრმავა და დააყრუა მთელი საქართველო, პოეტმა კი შინაურს, გარეულს, ერს, ბერს, დიდს, პატარას, იმის მიხედვით, ვის რა წვლილი მიუძღვოდა ამ საშინელ საქმეში, მრისხანება დაატეხა თავს.

„მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა: ცა რისხვით შუვა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა“, - ასეთი იყო გურამიშვილის რწმენა.

„თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი, სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!“. გურამიშვილი მიიჩნევდა, რომ ეს სწორედ ჩვენი შინაგანი აშლილობის ბრალი იყო - „...ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი: თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!“ აი, ეს დაინახა გურამიშვილმა ჩვენი დაცემის საფუძვლად.

დავით გურამიშვილი ამ უბედურებიდან აღორძინების გზასაც ხედავს და ეს გზა ღმერთთან დაბრუნების და მონანიების გზაა. ამ გზას ემსახურა ის მთელი ცხოვრება.

სწორედ ამ მისიით გამოგზავნა „დავითიანი“ საქართველოში, ეს იყო მისი მთავარი იდეა, რომ საქართველოს ჰქონოდა სულიერი აღორძინების შანსი. დავით გურამიშვილმა საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ არსებობს სიმამაცე და ეს პიროვნული თვისება სურს, რომ სამშობლოს აჩუქოს. გურამიშვილი ტყვეობიდან გაიქცა ერთხელ, მეორედ, მიაღწია მიზანს, თავისუფლებას. მესამედაც აღმოჩნდა ტყვეობაში, მაგრამ არ გატყდა, დაბრუნდა და ააღორძინა მისი პატარა საქართველო უკრაინაში, აღადგინა ზნეობრივი ძალით. მან აჩვენა გზა, როგორ შეიძლება კაცი გადარჩეს ოჯახის, ერთად დგომის, პატიოსნებისა და ზნეობრიობის დაცვის გზით.

ისტორიის გაგებასა და ღვთის რისხვაში დავეთანხმოთ გურამიშვილს, მაგრამ ის, რომ დღეს საქართველოს სულიერად ისევ უჭირს და ახალი გურამიშვილი ან ძველის კარგად გადააზრება სასიცოცხლოდ გვესაჭიროება, სრულიად ნათელია.

პროექტის ავტორი და რედაქტორი - გიორგი ჭეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^