სოფელ იორმუღანლოში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. მშობლები და მე-4 კლასელები ქართული ენის პედაგოგის, თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სკოლის დირექტორმა პედაგოგი აბსურდული ბრალდების საფუძველზე გაათავისუფლა და მისი მხრიდან ბავშვზე ძალადობის ფაქტი არ დასტურდება. ისინი თეა გურგენიძის გათავისუფლებაში რესურსცენტრის თანამშრომელს, მანანა ცუცქირიძეს ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ დირექტორმა გურგენიძის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება სწორედ მისი ზეწოლით მიიღო. ცუცქირიძემ თეა გურგენიძის გათავისუფლებასთან კავშირი ოფიციალურად უარყო.
„ლიბერალი“ შეეცადა იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორს გასაუბრებოდა, თუმცა სკოლაში განგვიცხადეს, რომ ის ავადაა, საავადმყოფოშია და კვირის განმავლობაში სკოლაში არ იქნება. სკოლის დირექტორის მოადგილემ რიზვან უსუფოვმა კი გვითხრა, რომ გასული კვირის განმავლობაში, როცა თეა გურგენიძე სკოლიდან გაათავისუფლეს ის სკოლაში არ იმყოფებოდა, ამიტომ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის. მისივე თქმით, მას არ უნახავს ვიდეოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ გურგენიძის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტია აღბეჭდილი, ამიტომ ვერ შეაფასებს სამართლიანად მოხდა თუ არა თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლება.
ფოტო/ვიდეო► იორმუღალოში თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლებას მოსწავლეები აპროტესტებენ
პროტესტის მონაწილე მშობლის თქმით, თეა გურგენიძის სკოლაში აღდგენამდე მე-4 კლასის მოსწავლეები სკოლაში არ მივლენ და გაკვეთილებს თეა გურგენიძე სხვა შენობაში ჩაუტარებს.
„არ გაათავისუფლოთ განათლებული და ჭკვიანი მასწავლებლები სკოლიდან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ერთ-ერთი მასწავლებელი, თეა გურგენიძე, რომელიც ქართულ ენას მე-4 კლასის ბავშვებს ასწავლიდა, სკოლიდან გაათავისუფლეს აბსურდული ბრალდებით, რომელიც არ დადასტურდა არც დისციპლინური კომიტეტის წევრების გამონათქვამიდან და სამეურვეო საბჭომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილა არანაირი ფიზიკური ზეწოლა აღნიშნულ კლასში აღნიშნული მასწავლებლის მხრიდან. ამის გამო საერთოდ დაითხოვეს საბჭო, რადგან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოში გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას და ამ ფორმით პროტესტსაც გავაგრძელებ. თქვენ ხედავთ, რომ ბავშვებს კარავში უტარდებათ გაკვეთილი. ეს დროებითი ფორმაა. ჩვენ შემდეგ, ალბათ, სადმე შენობას ვიქირავებთ და იქ გაგრძელდება ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარება." - ამბობს კაზანფარ მამედოვი, იორმუღანლოს მცხოვრები მშობელი, რომელიც დღეს აქციაში მონაწილეობდა. მისი სამი შვილი ქართულ სექტორზე იორმუღანლოს საჯარო სკოლაში სწავლობს.