იორმუღანლოს საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის მიმდებარედ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. აქციას უერთდებიან სკოლის ქართული სექტორის მე-12-კლასელებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც. მათ კარავი გაშალეს. გურგენიძე გეგმავს, ქართულის გაკვეთილები აქ ჩაატაროს, რადგან სკოლაში ამის საშუალება აღარ აქვს.
პროტესტის მონაწილე ბავშვები, მათი მშობლების განცხადებით, 22 მაისიდან სკოლაში აღარ დადიან.
„ლიბერალი“ შეეცადა იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორს გასაუბრებოდა, თუმცა სკოლაში განგვიცხადეს, რომ ის ავადაა, საავადმყოფოშია და კვირის განმავლობაში სკოლაში არ იქნება. სკოლის დირექტორის მოადგილემ რიზვან უსუფოვმა კი გვითხრა, რომ გასული კვირის განმავლობაში, როცა თეა გურგენიძე სკოლიდან გაათავისუფლეს ის სკოლაში არ იმყოფებოდა, ამიტომ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის. მისივე თქმით, მას არ უნახავს ვიდეოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ გურგენიძის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტია აღბეჭდილი, ამიტომ ვერ შეაფასებს სამართლიანად მოხდა თუ არა თეა გურგენიძის სკოლიდან გათავისუფლება.
იორმუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი თეა გურგენიძე ორთვიანი პაუზის შემდეგ სკოლიდან 22 მაისს გაათავისუფლეს.
თეა გურგენიძე სკოლიდან გაათავისუფლეს - პედაგოგი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
იორმუღანლოში მცხოვრები მშობელი - „გურგენიძის სკოლაში აღდგენამდე პროტესტი გაგრძელდება"