„თბილისის სატრანსპორტო კომპანია" არ ადასტურებს „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სატრანსპორტო კომპანია მეტროს გაფიცული მემანქანეების საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანეებით ჩანაცვლებას გეგმავს. პროფკავშირის განცხადებით, მემანქანის პროფესიის გადამზადების კურსს გადის საქართველოს რკინიგზის ელმავლის 7 მემანქანე - ი.ხ, ვ.ს, გ.ს, ვ.ს, თ.ბ და დ.ჯ.
თუმცა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" „ლიბერალს" უთხრეს, რომ ასეთი მოლაპარაკება არ შემდგარა.
„მოლაპარაკება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ან მის მემანქანეებთან არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტექნიკური სკოლა, სადაც ხდება მეტროს მემანქანეების გადამზადება. რამდენიმე ჯგუფი უვკე არის შემდგარი, სადაც მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული სწავლება. ყოველთვიურად ხდება ასეთი ჯგუფების დაკომოლექტება და გადამზადება. ეს ჯგუფი ღიაა ნებისმიერი პირისთვის, დააკმაყოფილებს ჩვენს სტანდარტებს" - უთხრეს „ლიბერალს" კომპანიის პრესსამსახურში.
ინფორმაციას არ ადასტურებენ არც „საქართველოს რკინიგზაში". კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის წარმომადგენელმა დაჩი ცაგურიამ „ლიბერალს" უთხრა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, კომპანიას საქართველოს მეტროდან და თბილისის მერიიდან არავინ დაკავშირებია.
„მე არ მესმენია, რომ საქართველოს რკინიგზასა და მეტროს შორის ასეთი კომუნიკაცია ყოფილიყო. ჩვენ როგორ შეიძლება გადავამზადოთ მეტროს მემანქანეებად ვინმე. ჩვენ ამის არც კომპეტენცია გვაქვს და არც უფლება. ამას შესაბამისი მომზადა სჭირდება. ჩვენს გარეთ თუ სადმე ვინმე რამისთვის ემზადება, ეს არ ვიცი" - ამბობს ცაგურია.
„საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა" მეტროს მემანქანეების საკითხზე განცხადება დღეს გაავრცელა.