
ყიფიანის ქუჩაზე, მამა დავითის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან დღეს დილით კლდე ჩამოიშალა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. მშენებლობაზე ნებართვა მერიამ 2017 წლის აგვისტოში გასცა.
მშენებლობის დამკვეთია შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი“.
„წარმოდგენილი სასტუმროს პროექტში განთავსებულია 51 ნომერი და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე ფართები. ისტორიული კვლევის გათვალისწინებით, მისი არქიტექტურულ- მხატვრული იერსახე მაქსიმალურადაა მორგებული არსებულ ლანდშაფტს და არქიტექტურულ გარემოს“, - წერია პორექტის განმარტებით ბარათში.
პროექტის არქიტექტურულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ყიფიანის ქუჩა თბილისის ცენტრში, იმ მიკროუბანში მდებარეობს, რომელიც მთაწმინდის ძირში, მთაწმინდის უბანსა და ვერის უბნებს შორის არსებულ გადასასვლელ გზაზე გაშენდა. ეს უბანი ქალაქის ისტორიული ნაწილის მკაცრი დაცვის ზონის ფარგლებშია მოქცეული.
პროექტს თან ერთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის საექსპერტო დასკვნა, რომელშიც ექსპერტი წერს, რომ ცალკეული შენიშვნები გაითვალისწინა კომპანიამ და წარმოდგენილი ანგარიში შეიძლება, საფუძვლად დაედოს აღნიშნული პროექტის შემდგომ წარმოებას.
ნატა ფერაძე ამბობს, რომ ეს ის ადგილია, სადაც აქტივისტებმა ორი თვის წინ მშენებლობა გააპროტესტეს. მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ მშენებლობის გეოლოგიური დასკვნა სადავო იყო და რომ მარტში ორგანიზატორებმა მერიას განცხადებით მიმართეს და მთაწმინდის ქედზე მიმდინარე მშენებლობების შეჩერება მოითხოვეს.
„მთაწმინდის ქედის გადასარჩენად“ - საპროტესტო აქცია ჭონქაძის ქუჩაზე
აქცია სახელწოდებით, „მთაწმინდის ქედის გადასარჩენად" ოთხ მარტს გაიმართა მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე.