შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე პოლიციამ ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა.
უწყების ცნობით, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს. პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შემდეგ ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო ლომერ ჟორჟოლიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ორი პირი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს.
პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა.
ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი - 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებულია "ტე-ტე"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული ი.წ., რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
კითხვები დავით ქევხიშვილს - ძიუდოისტები განცხადებას ავრცელებენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას თითქმის ერთი თვეა, ითხოვენ. 10 მაისს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაც გაიმართა. დავით ქვეხიშვილის თქმით, ის მზად იყო სპორტსმენებს შეხვედროდა ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ყრილობა სპორტსმენებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა ძიუდოისტების კითხვებს არ უპასუხა.
ძიუდოისტებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის დაპირისპირება თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა. ისრაელში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. წარუმატებლობის შემდეგ 30 აპრილს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა.
ყოფილმა ძიუდოისტმა და პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა ევროპის ჩემპიონატში წარუმატებლობისთვის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა. ზვიადაური წერდა, რომ ქევხიშვილი არამიზნობრივად ხარჯავს ფულს, ფედერაცია ნაკრების მწვრთნელის საქმიანობაში ერევა და სპორტის ეს სახეობა საქართველოში ნადგურდება.
ქევხიშვილის კრიტიკა დაიწყეს თავად ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმაც. მათ 4 მაისს ფედერაციასთან აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ სანამ ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს შეჯიბრებებზე არ გამოვლენ. ბოსნიაში ტურნირზე ასპარეზობა ამის გამო შეწყვიტა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ის საქართველოში დაბრუნდა და სპორტსმენთა პროტესტს შეუერთდა.
დავით ქევხიშვილმა პროტესტს მართული უწოდა. „მართული პროცესია, რომლის უკანაც გაკრვეული ძალები დგანან. დღეს ზედმეტია ამაზე საუბარი“, - თქვა ქევხიშვილმა.
ფედერაციის პრეზიდენტს დაუჭირა მხარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი მოვალეობები და ისე იმოქმედონ.
„პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა [ძიუდოისტებსა და ფედერაციასთან] შეხვედრაზე, ალბათ, უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ გააგრძელოს საქმიანობა“ - თქვა ყაველაშვილმა.
კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კი მხარეებს სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის.
„სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ფედერაციიდან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც იყო ამ დღეებში საუბარი“, - თქვა მინისტრმა. გიორგაძემ განმარტა, რომ კომისია ყველა საკითხს უახლოეს დღეებში შეისწავლის და იქნება მიუკერძოებელი.
22 მაისს სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს, შემდეგ მისი კაბინეტის კარი აჭედეს.