ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ მოიპოვა ხორავას ქუჩის საქმის სასამართლო პროცესის დროს ერთ-ერთი ბრალდებულის დაკითხვის აუდიოჩანაწერი.
ჩანაწერში საუბარია კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, დ.მ.-ზე, რომელიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, სასულიერო პირის, დეკანოზის შვილია.
„დავინახე, რომ მას (დ.მ.-ს) რაღაც ვერცხლისფერი ნივთი ეჭირა, რომელსაც სარალიძეს ურტყამდა" - ამბობს ერთ-ერთი მსჯავრდებული სასამართლო პროცესზე დაკითხვისას. მისი თქმით, მან ამ ნივთის მხოლოდ ტარი დაინახა.
მისივე თქმით, დ.მ. დავით სარალიძეს უკან და მარჯვენა მხარეს ურტყამდა. მსჯავრდებული ამბობს, რომ სარალიძეს ურტყამდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი - კ.
„რუსთავი 2-თან“ ინტერვიუს დროს სარალიძე ამბობს, რომ, მისი ინფორმაციითაც, დ.მ.-მ მიაყენა მის შვილს ჭრილობა.
„დანა ჰქონდა თუ სხვა იარაღი, ვერ ვიტყვი, შესაძლოა, რაიმე ხელნაკეთი იარაღი. არ ვიცი." - ამბობს ის და თავს იკავებს იმ ინფორმაციის დადასტურებისგან, რომ ეს არასრულწლოვანი სასულიერო პირის შვილია. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ მას სასულიერო პირები აფარებენ ხელს, სარალიძემ პასუხობს, რომ მფარველები მირზა სუბელიანი და პროკურატურაა.
„აქ არის შეკრული ჯაჭვი და ის სადღაც გაწყდება - ამბობს ზაზა სარალიძე - რომ დაიჭირონ, ეს დაადებს ხელს კ.-ს, კ. დაადებს ხელს სუბელიანს, სუბელიანი იტყვის, ვინ დაანგრია ფარდული და გაანადგურა მტკიცებულებები, ვინ წაშალა კვალი, მერე შოთაძემდე გავალთ და კიდევ უფრო ზევით..."
სარალიძის თქმით, დ.მ. დაკითხულია. „მისი დაკითხვა ორი პროცესის განმავლობაში მიმდინარეობდა" და მოწმის სტატუსით ფიგურირებს.
„სამი თვეა, ეს ინფორმაცია პროკურატურას მოვაწოდე. პროკურორმა მითხრა, ფაქტები არ მაქვს და თუ მომიტან, დავაკავებთო".
სარალიძე ამბობს, რომ ჩხუბის დროს დ.მ. დაიჭრა კიდეც, თუმცა გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.