„სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს მხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და „თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან".
„მეტროს მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013"-ის წევრებმა, 3 ივნისს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებენ უვადო გაფიცვას და შიმშილობას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 18 მაისის გადაწყვეტილებით, მათ დროებით შეზღუდული ჰქონდათ ამის უფლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი იყო მხოლოდ დავის განხილვის პერიოდში მემანქანეების მხრიდან გაფიცვის უფლების დროებითი შეზღუდვა და მეტროპოლიტენის ჩვეულ რეჟიმში გამართულად ფუნქციონირება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საფრთხე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობების პარალიზება.
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს მხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
EMC-ის იურისტი: მემანქანეები შიმშილობას იწყებენ, რაც სასამართლოს არ აუკრძალავს
EMC-ის იურისტის ლელა გვიშიანის განმარტებით, მემანქანეები იმუშავებენ მანამდე, სანამ მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს, რაც მეტროპოლიტენის შიდაგანაწესში მკაცრად არის გაწერილი.
„გადაწყვიტეს, მანამდე მოემსახურონ ქალაქს, სანამ მათი ფიზიკური მდგომარეობა შესაბამისობაში იქნება თბილისის მეტროპოლიტენში დადგენილ შიდაგანაწესით დადგენილ ნორმებში. შიდაგანაწესში კი მკაცრად არის გაწერილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ნორმები. ეს ყველაფერი აბსოლუტურ შესაბამისობაშია კანონსა და თუნდაც სასამართლოს იმ გადაწყვეტილებასთან, რომელსაც მემანქანეები არ ეთანხმებიან“, - განმარტავს ლელა გვიშიანი.