პრემიერ-მინისტრსა და ზაზა სარალძეს შორის დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აპირებს. ამის შესახებ „ლიბერალს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.
ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, შესაძლოა, დღევანდელ შეხვედრას თავადაც დაესწროს. თუმცა მისი თქმით, არ იცის, კიდევ ვინ იქნება პრემიერთნ შეხვედრაზე.
გუშინ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მას სურს ხვალ, 2 საათზე პრემიერ-მინისტრს კანცელარიაში შეხვდეს. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ ოპოზიციის ლიდერები ზაზა სარალიძესთან ერთად მივლენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე და მას მთავრობის გადადგომის გეგმაზე დაელაპარაკებიან.
ზაზა სარალიძის ინიციატივას პრემიერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს და სახალხო დამცველს. თუმცა, პრემიერის თქმით, ის მშობლებს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე შეხვდება.