თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, მერიასა და მემანქანეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და არა იურიდიული. მისითქმით, 2 დღე დასჭირდა მემანქანეებთან კომუნიკაციას, რათა მათთვის აეხსნათ, რომ მერიას ამ წლის ბიუჯეტით არ აქვს მათთვის ხელფასების ზრდის შესაძლებლობა. ხმალაძის განმარტებით, მომავალ წელს მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ მემანქანეების შრომითი პირობები გაუმჯობესდეს.
„მერიას პოზიციები არ შეუცვლია. მაგრამ მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად მემანქანეები შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. ჩვენი მოვალეობა ამ შემთხვევაში იყო, რომ თუ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეგვეძლო, დროულად მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ რადგან ჩვენ არ გვქონდა ამის საშუალება, ჩვენი მოვალეობა იყო, დაგვერწმუნებინა ეს ადამიანები, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტი ასეთ გადაწყვეტილებას. მაგრამ ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ 2019 წლიდან ერთად ვიმუშავებთ ამაზე“,- განუცხადა ვიცე-მერმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება კონკრეტულ პირობებს, რომელსაც 2019 წლიდან განიხილავენ, ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ისინი არ შეთანხმებულან, ზუსტად როგორ დაკმაყოფილდება მემანქანეების მოთხოვნები. მისი ინფორმაციით, ისინი შეთანხმდნენ, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, რისი საშუალებაც ექნებათ.
„არ არის საუბარი იმაზე, ბიუჯეტს რამდენი დაუჯდება და ეს რას გამოიწვევს. რაც აუცილებელია, ის უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და რისი საშუალებაც იქნება, იმის ფარგლებში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“.
თბილისის მეტროს მემანქანეები 3 ივნისიდან პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 45%-იან ზრდას მოითხოვდნენ.
გუშინ ღამით მემანქანეებსა და მერიას შორის შეხვედრა გაიმართა. „ერთობა 2013“ ხელმძღვანელმა რატი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ შეხვედრაზე მერმა პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღო.
„ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას“, – ამის შესახებ აღნიშნულია „ერთობა 2013“-ის განცხადებაში, რომელსაც ისინი მეტროს მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ავრცელებენ.