„ლიბერალი“ ხორავას ქუჩის მკვლელობის შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ესაუბრა სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ნინია კაკაბაძეს.
როგორც ცნობილია, დღეს საბჭოს წევრებმა ამ ფილმთან დაკავშირებით იმსჯელეს. ფილმთან მიმართებით შენიშვნები აქვს ბლოკის ხელმძღვანელს გიორგი გვიმრაძეს. ის ამბობს, რომ „მისი შენიშვნების გაუთვალისწინებლად ამ ფილმის ეთერში გაშვებაზე თანახმა არ არის”.
ნინია კაკაბაძის თქმით, ფილმს აქვს ხარვეზები და ის რომ მენეჯმენტის წევრი იყოს, მას ამ ფორმით ვერ გაუშვებდა ეთერში, თუმცა იმავდროულად ამბობს, რომ ფილმში ბევრი საგულისხმო ეპიზოდია რაც, მისი აზრით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს.
„ბევრი რამ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. მენანება, რომ საერთოდ არ გავიდეს ეთერში. არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უნდა იცოდეს ფართო საზოგადოებამ. მე ვემხრობი ვერსიას, რომ შესწორებები შევიდეს და ისე გავიდეს ეთერში.“ - ამბობს ნინია კაკაბაძე.
„მე რომ ვიყო მენეჯმენტის წარმომადგენელი, ვერ გავრისკავდი ამ ფილმის ამ სახით ეთერში გაშვებას. რადგან ვფიქრობ, რომ ფილმში დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია. მასში მტკიცებულებითი ფორმაა გამოყენებული, თუმცა უტყუარი ფაქტი ნაჩვენები არ არის. ჟურნალისტური გამოძიების სტანდარტებს ეს ფილმი ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს - ვგულისხმობ წამყვანის ტექსტს და ა.შ. ჩემი აზრია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს და რა ფორმითაც დღეს ვნახე, ვერ გავუშვებდი.
მენეჯმენტი ამბობს, რომ დარღვეულია ჟურნალისტური სტანდარტი და უდანაშაულობის პრეზუმფცია. ფილმის ავტორები ამბობენ, რომ არ არის დარღვეული. რიგ საკითხებში ვეთანხმები მენეჯმენტს, რიგ საკითხებში - არა. მენეჯმენტის ერთ-ერთი პრეტენზია ოფიციალური უწყებების აზრის არ წარმოჩენაა. ამ საკითხზე ავტორი ამბობს, რომ მათ არა ერთხელ მიმართეს ოფიციალურ სტრუქტურებს და კომენტარი არ მისცეს. ამ შემთხვევაში ავტორი მართალია. ბევრი რამ ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. მენანება, რომ საერთოდ არ გავიდეს ეთერში. არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უნდა იცოდეს ფართო საზოგადოებამ. მე ვემხრობი ვერსიას, რომ შესწორებები შევიდეს და ისე გავიდეს ეთერში.“ - ამბობს კაკაბაძე.