მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ (მოსამართლეები: მანუჩარ კაპანაძე, მურმან ისაევი, ნათია ბარბაქაძე) უცვლელად ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მსახიობს სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პროცესის დაწყებამდე „ბახალამ" სასამართლოსადმი უნდობლობის ნიშნად დარბაზი დატოვა.
„დაახლოებით წელიწად-ნახევარია ამ აბსურდულ ქაოსში ვცხოვრობ და ვიტყუებდი თავს, რომ ამ მართლმსაჯულების რომელიმე რგოლი შეიძლებოდა ყოფილიყო ადეკვატური და დაინტერესებული სიმართლით, მაგრამ არა. პირველივე პროცესზე გადამიწურეს იმედი, როდესაც არც ერთი ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს. დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ფარსში მონაწილეობა მე აღარ მინდა და დავტოვებ დარბაზს. მადლობა მინდა გადავუხადო დარბაზში მყოფებს. ერთადერთი თქვენი იმედი მაქვს" - თქვა სასამართლო სხდომაზე გიორგი გიორგანაშვილმა.
დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მასში ცალმხრივად არის განხილული და ნამსჯელი ბრალდების მტკიცებულებებზე. მათი თქმით, მოსამართლეს ჯეროვნად არ უმსჯელია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე. შესაბამისად, ისინი ითხოვდნენ, რომ 2018 წლის 23 იანვრის განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგრაგიყო.
„ამ ფარსში მონაწილეობა აღარ მინდა, თქვენი იმედიღა დამრჩა" - ბახალამ დარბაზი დატოვა