ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში ბრალდებულების, ირაკლი ქორიძისა და გიორგი გიორგანაშვილის („ბახალა“) პროცესი გადაიდო.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ირაკლი ქორიძე არ იმყოფებოდა. პროცესზე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ, გლდანის N მე-8 დაწესებულებიდან გაგზავნილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ირაკლი ქორიძემ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ოქმს ხელს აწერდნენ მხოლოდ გლდანის N მე-8 დაწესებულების თანამშრომლები და მასზე გაკეთებული იყო შენიშნვა, რომ ირაკლი ქორიძემ ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სხდომა უნდა გადადებულიყო, ვინაიდან მათ ბრალდებულთან საუბარი სჭირდებათ.
ადვოკატის თქმით, მან რამდენიმე დღის წინ ციხეში მოინახულა ქორიძე და შეთანხმებულები იყვნენ, რომ ის პროცესს დაესწრებოდა. ადვოკატის თქმით, ქორიძეს ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვებში.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ვინაიდან ოქმს არ აქვს ქორიძის ხელმოწერა, „ისინი ამ დოკუმენტს ვერ ენდობიან“. „რაზე აცხადებს პროტესტს ოქმიდან ასევე გაუგებარია, რატომ არ აწერს ხელს, ესეც არ ვიცით", - განაცხადა ადვოკატმა.
დაცვის მხარის განცხადებით, მათ სჭირდებათ დრო, იმისთვის, რომ შეხვდნენ ქორიძეს, დააზუსტონ მისი პოზიცია და პროცესი შემდეგ გაგრძელდეს.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკამყოფილა დაცვის მხარის თხოვნა და პროცესი 25 ივნისისთვის გადაიდო.
ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე მიმდინარე წლის 30 მარტს დააკავეს. თურქეთიდან 865 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსის შემოტანის საქმეზე მასთან ერთად ახალი ბრალი წარედგინა გიორგი გიორგანაშვილსაც.