
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ გაიზიარა პოლიციის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, ანანია უმისამართოდ იგინებოდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი დაარღვია.
ანანია გაჩეჩილაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი თქმით, პოლიციელმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. „პირველივე წინადადება ტყუილი თქვა, როცა აღწერა, რომ თითქოს ის მიდიოდა და დაინახა, რომ მე უმისამართოდ ვიგინებოდი“, - ჰყვება ანანია „ლიბერალთან“. მისი თქმით, სამართალდამცველის ჩვენება არალოგიკური იყო.
„აიისას“ დამფუძნებლის თქმით, სასამართლომ უგულებელყო მის მიერ მოყოლილი ამბავი.
ის პოლიციამ 17 მაისს დააკავა. მაშინ ანანია წერდა, რომ პოლიციამ ამ გზით ჩაშალა „აიისას“ აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ.
მას 17 მაისს პარლამენტის წინ ჰელიუმით გაბერილი ლგბტ დროშის ფერების პრეზერვატივების გაშვება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ პოლიციამ გაჩხრიკა, დააკავა და „ბუშტები“ გაანადგურა.
ანანია ამბობდა, რომ პოლიციამ განყოფილებაში უსტატუსოდ გადაიყვანა. „აიისას“ დამფუძნებელს მხოლოდ რამდენიმე საათში განუმარტეს დაკავების მიზეზი - უმისამართოდ გინება. რომელიც, მისი თქმით, სამართალდამცველებმა დაკავების გასამართლებლად მოიგონეს.
„აიისა“: პოლიციამ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისთვის გამიზნული აქცია ჩაგვიშალა