რამდენიმე თვის წინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ბავშვთა უფლებების კოდექსზე“ მუშაობა დაიწყო. ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს ეკუთვნის.
წინა კვირას გაიმართა დახურული შეხვედრა, სადაც კომიტეტის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებს პროექტის პირველადი ვერსია გააცნეს. კომიტეტში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ კოდექსის სამუშაო ვერსიაა და საჯარო არ არის. თუმცა, კოდექსის თანაავტორმა პაატა ტურავამ „ლიბერალთან“ პროექტის შესახებ განმარტებები გააკეთა.
გუშინ „ლიბერალმა“ გამოაქვეყნა მასალა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა, ანა თავხელიძემ იმ შენიშვნების შესახებ ისაუბრა, რომელიც ამ კოდექსის გაცნობის შემდეგ გაუჩნდათ.
„უფლებების ასე შეზღუდვა ბავშვისთვის საზიანო იქნება“ - რას გულისხმობს „ბავშვთა კოდექსი“
იურისტი პაატა ტურავა არ იზიარებს შენიშვნას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტის პირველადი ვერსიის მომზადების პროცესში არ ჩართეს. ის ამბობს, რომ ეს პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს სწორედ შენიშვნების გაზიარებისა და დისკუსიის ეტაპია.
„პირველი ეტაპია, შეიქმნას დოკუმენტი, რომელზეც შემდგომ იმუშავებენ. ამ დოკუმენტის შექმნაში ჩართული იყვნენ სამინისტროები, სხვადასხვა ორგანიზაციები და უწყებები. არასწორია ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრები დახურულ სივრცეში მიმდინარეობდა. შეხვედრების ოქმებიც არსებობს.
პირველი ნაბიჯი ხომ უნდა შემოგთავაზო, რომ მერე დაიწყოს ამაზე დისკუსია. პირველი ნაბიჯი იყო სწორედ ეს დოკუმენტი, რომელიც გავაცანით ორგანიზაციებს და ფაქტი ის არის, რომ ამაზე ვმუშაობთ", - ამბობს პაატა ტურავა.
იურისტი ხაზს უსვამს, რომ მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკა უსაფუძვლოა და კოდექსის შექმნის მთავარ იდეაზე არავინ საუბრობს. ის ამბობს, რომ პირველად საქართველოში იქმნება ერთიანი დოკუმენტი, რომელსაც შემოაქვს სისტემური მიდგომა ბავშვთა უფლებების შესახებ.
„კრიტიკოსების მიერ ისეთ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, რომლებიც მეორეხარისხოვანია. აქ მთავარი სხვა რამ არის. თითქოს ბავშვების უფლებები იზღუდება, არ არის სწორი. კოდექსს შემოაქვს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა. ბავშვის მხარდაჭერის პრინციპებს მთელი თავები ეძღვნება, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, სოციალური ინტეგრაცია, შშმ ბავშვები, ოჯახების მხარდაჭერა და ა.შ. აქ თავმოყრილმა თემებმა უნდა შექმნას საკანონმდებლო საფუძვლები პროგრამებისა და ღონისძიებებისთვის, რომლებიც ჩაშენდება სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, კოდექსში აქცენტი კეთდება თვითმმართველობებზე, მათ გაძლიერებასა და როლზე, იმისათვის, რომ ადგილზე შეიქმნას სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები ბავშვებისთვის.
აბსურდია, რომ კოდექსს შემოაქვს მოვალეობები და, თურმე, ბევრი ვალდებულებები ბავშვებისთვის. ერთგან რომ წერია, ბავშვი ოჯახის წევრებს პატივს უნდა სცემდეს და ვალდებულია სისუფთავე დაიცვას, ეს არის თურმე თემა, რომელმაც დაანგრია ბავშვის უფლებების სისტემა. შენიშვნა, რომ კოდექსში შემზღუდავი და დისციპლინური ღონისძიებებია, ესეც აბსურდია", - ამბობს პაატა ტურავა.
იურისტი აღნიშნავს, რომ კოდექსში უკვე არაერთი ცვლილება შევიდა და ეს სამუშაო პროცესია. როგორც ამბობს, კომიტეტი ღიაა შენიშვნებისა და თანამშრომლობისთვის: „ეს არ არის ორდღიანი პროცესი, ამაზე მუშაობა გრძელდება“.
რაც შეეხება კოდექსში აღნიშნულ ასაკობრივ შეზღუდვებს, იურისტი ამბობს, რომ სამუშაო პროცესში ეს ასაკობრივი დათქმებიც შესაძლებელია შეიცვალოს, რადგან ზოგი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მაგალითად, 21 წლამდე ადამიანიც უნდა ჩაითვალოს ბავშვად, სხვა - განსხვავებულად ფიქრობს.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ შენიშვნები არ უნდა იყოს და ეს იდეალური ვარიანტია. შეგვიძლია ვიკამათოთ, შენიშვნები გამოვთქვათ, ჩავასწოროთ და ასე ვიმუშაოთ. მაგრამ მთავარი იდეა - რას ემსახურება კოდექსი - უნდა ჩანდეს და მნიშვნელოვანია, ამაზეც ვისაუბროთ", - ამბობს პაატა ტურავა.