საზოგადოებრივი მაუწყებლის 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტში, რომელიც მაუწყებლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ადამიანის უფლებების შესახებ მოსამზადებელი მედიაპროდუქტების სიაში მოწყვლადი უმცირესობათა ჯგუფების (ლგბტ ჯგუფების უფლებები, ქალთა უფლებები, მიგრანტები) დეტალიზებული ჩამონათვალი ვერ მოხვდა.
დოკუმენტის საბოლოო ვერსია საბჭოს ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა ცნობილია, რომ ბოლო სხდომაზე ომბუდსმენის კვოტით შერჩეულმა ბორდის ერთ-ერთმა წევრმა, იზაბელა ოსიპოვამ ლგბტ და ქალთა უფლებების დოკუმენტში შეტანის საკითხზე ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და კენჭისყრაზე თავი შეიკავა.
„ლიბერალი“ დაინტერესდა, რატომ არ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია იზაბელა ოსიპოვამ კენჭისყრაზე.
ჩვენთან საუბარში იგი განმარტავს, რომ დოკუმენტის თავდაპირველი ვერსია, რომელიც მისი შედგენილია, ლგბტ უფლებებისა და ქალთა უფლებების შესახებ ჩანაწერს შეიცავდა, თუმცა საბჭოს წევრები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
„ვეცადე, ტექსტი ისე შემედგინა, ეს ნაწილი შეხებოდა ყველა ჩაგრულ და დაუცველ ჯგუფს. რაც შეეხება დეტალიზებას, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა ერთიან პოზიციაზე შეჯერება, ჩემთვის ორივე ვარიანტი მისაღები იყო: იქნებოდა ეს ფრჩხილებში დეტალიზებასთან ერთად თუ დეტალიზების გარეშე. ამჟამინდელ ტექსტში იგულისხმება, რომ ამ ჯგუფის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული, იგივე ლგბტ ჯგუფის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ქალთა ინტერესები... მე მომავალშიც ვაპირებ ამაზე ყურადღების მიქცევას“ - უთხრა ოსიპოვამ „ლიბერალს“.
მისი განმარტებით, თვითონ დეტალიზებული ჩამონათვალის მომხრეა და თუკი გადამწყვეტი ხმა მას ექნება, ამ საკითხების დოკუმენტში შეტანას მხარს დაუჭერს.
„მე მომავალშიც ვეცდები, რომ მივაქციო ამას ყურადღება და მოვითხოვო საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომ უშუალოდ ამ ჩაგრული ჯგუფების ინტერესები იყოს დაცული, იქნება ეს ლგბტ, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები თუ ქალთა პრობლემატიკა“, - ამბობს ოსიპოვა.
დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე საბჭო დაახლოებით ერთ თვეში შეჯერდება. საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე „ლიბერალთან“ განმარტავს, რომ ისინი დოკუმენტის საჯარო განხილვაში მონაწილე ჯგუფებისგან წერილობით შენიშვნებს განიხილავენ და საკითხზე საბოლოოდ შემდგომ შეჯერდებიან.
იგი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰომოფობიასთან და ქსენოფობიასთან საგანმანათლებლო ღონისძიებებით ბრძოლაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული და შესაბამისად, დოკუმენტში ასეთი ჩამონათვალის არსებობა მნიშვნელოვანია.
„იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ლგბტ თემის წარმომადგენლები და მიგრანტები არიან ის ჯგუფები, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილი უპირისპირდება არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც, ვფიქრობდთ რომ ჩამონათვალში ისინი უნდა გამოგვეყო, რათა ამაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულიყო. აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რომ განსაკუთრებულად იმუშაოს მაუწყებელმა ამ მიმართულებით“, - ამბობს კაკაბაძე.
ვიდეო ► ლგბტ თემი საზმაუს პრიორიტეტებში - რას ფიქრობს საბჭოს წევრი გია იაკობაშვილი