ზვიად დევდარიანის სარჩელი, რომელიც პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით 11 ადამიანის წინააღმდეგ შეიტანა, სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ეს ინფორმაცია „ლიბერალს“ ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დაუდასტურა.
ადვოკატის თქმით, მოპასუხეთა სიაში „ტაბულა“ აღარ არის. დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ დეტალებზე ორ დღეში საჯარო განცხადებას გააკეთებენ.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად სასამართლომ სარჩელი დაახარვეზა, თუმცა ზვიად დევდარიანმა ის თავიდან შეიტანა.
ზვიად დევდარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 პირის წინააღმდეგ შეიტანა. ესენი არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, ბაია პატარაია, ნინო დანელია, თამარ ყურაშვილი, თამარ კაკაბაძე, იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი და კიდევ 4 ქალი.
7 ქალი, რომელსაც ზვიად დევდარიანი სასამართლოში უჩივის
ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ
ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება.
ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს.
„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.
იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ზვიად დევდარიანის პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ.
ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.
18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს, მიმართონ შსს-ს.
3 აპრილს დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრალდებები უარყო და თქვა, რომ პატივისა და ღირსები შელახვისთვის სასამართლოში იბრძოლებს.