დღეს „ფორტუნაზე“ თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის დირექტორის ქართველი მრჩევლის, მალინა ბერიკაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამის მკურნალობის შემდეგ პაციენტები თურქეთში სიმსივნის დიაგნოზით ჩადიან.
„იწვევს თუ არა ღვიძლის სიმსივნეს C ვირუსის ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობა?"
„მანამდე ამ ადამიანებს არ ჰქონიათ სიმსივნე და ამ მკურნალობის შემდეგ განუვითარდათ. ყოველ შემთხვევაში, ანალიზები ასე აჩვენებს. კვლევა იყო არასწორი? არ ვიცი, პროგრამის წამლები იწვევს პროვოცირებას?! ამ პროგრამის წამლებს თურქეთშიც სვამენ და სიმსივნის დიაგნოზით შემდგომ არავინ მოდის ჩვენთან“, - ამბობს მალინა ბერიკაშვილი.
„ლიბერალი“ მალინა ბერიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაფასებლად ჯანდაცვის სამინისტროს და ექიმ ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილს დაუკავშირდა. მაია ბუწაშვილი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ლაბორატორიის ხელმძღვანელია, რომელიც C ჰეპატიტის პროგრამის ერთ-ერთი პროვაიდერია.
მაია ბუწაშვილის თქმით, ერთეულ შემთხვევებზე დაყრდნობით მსგავსი განცხადების გაკეთება არ შეიძლება და მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ შეშფოთდებიან, რადგან ეს ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, დღეს ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ არაერთი განკურნებული პაციენტი დაუკავშირდა მას.
მაია ბუწაშვილის თქმით, ც ჰეპატიტის სამკურნალო წამალი არათუ იწვევს სიმსივნეს პირიქით ანტივირუსული მკურნალობას სიმსივნის პრევენციის ეფექტი აქვს და ეს კვლევებითაც არის დადასტურებული.
„საკითხი პირიქით არის, ანტივირუსულ მკურნალობას სიმსივნის პრევენციის ეფექტი აქვს. მარტივი მიზეზის გამო, მექანიზმი ის არის, რომ ვირუსისგან განკურნება იწვევს იმას, რომ ფიბროზის ხარისხის უკუგანვითარება ხდება და ციროზის რისკი მცირდება. ღვიძლის კიბოს (კარცინომის) რისკი კი ციროზის შემდეგ დგება.
ახლა კვლევაც მიდის, რომელიც აჩვენებს, რომ განკურნებულ პაციენტებში ღვიძლის ფიბროზის განვითარება მიდის და მაღალია იმ პაციენტების რიცხვი, რომელთანაც ღვიძლის დაზიანების ხარისხი მცირდება. არა მარტო ვირუსისგან განიკურნნენ, არამედ ღვიძლის დაზიანების ხარისხი მცირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი სიმსივნის რისკის ქვეშ აღარ არიან“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.
მისივე თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის დასაწყიში იყვნენ პაციენტები, რომელთა მკურნალობა, ღვიძლის ძლიერი დაზიანების მიუხედავად, დაიწყო. თუმცა მისივე თქმით, ასეთი პროგრამაში ჩართული პაციენტების სულ 20% იყო და ამ 20%-იდან მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში „მიუხედავად იმისა, რომ ვირუსისგან სრული განკურნება მივიღეთ, ეს პროცესი (სიმსივნური) ვერ შეჩერდა.“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.
„რა თქმა უნდა, არსებობს პაციენტთა ის ნაწილი, რომლებთანაც ანტივირუსული მკურნალობა დაიწყო ისეთ დროს, როცა უკვე მძიმე დაზიანებები აღინიშნებოდა (თუმცა მათ დიდ ნაწილში საუკეთესო შედეგის მიღწევა მოხერხდა) და ვირუსისგან განკურნებამ ვეღარ შეაჩერა ფიბროზის და შესაბამისად, სიმსივნის განვითარების პროცესი. მაგრამ, საბედნიეროდ, ასეთთა რიცხვი ძალიან მცირეა. ზოგადად, პროგრამაში ჩართული პაციენტების 20%-ს ღვიძლის მძიმე დაზიანება აქვს, მათგან ერთეულებთან ხდება სიმსივნის განვითარება. ძალიან მცირე, პროცენტის გამოყვანაზეც ზედმეტია საუბარი“, - ამბობს მაია ბუწაშვილი.
მისივე თქმით, მეცნიერები ადრე ფიქრობდნენ, რომ იმ პაციენტებში, რომლებთანაც სიმსივნე მიდიოდა, ანტივირუსული მედიკამენტები აჩქარებდა სიმსივნეს, თუმცა ბოლო კვლევებით არც ეს დაშვება არ დადასტურდა.
„რასაც ეს ექიმი ხედავს თურქეთში, არავითარ სტატისტიკას არ ეყრდნობა. მიკვირს, რომ ეს ექიმთა ერთი ნაწილის ჩვევაა - ჩემი გამოცდილებით, ჩემი დაკვირვებით და ა.შ. საუბარი უნდა მიმდინარეობდეს სერიოზულად, გააზრებულად, სტატისტიკურ მაჩვენებლებზე და არა ექიმის პირად დაკვირვებაზე დაყრდნობით“, - ამბობს ბუწაშვილი.
„ლიბერალი“ ასევე ესაუბრა ეკა ადამიას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს.
„უპასუხისმგებლო განცხადებაა. არაფრით არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთება, როცა ქვეყანაში მსოფლიო დონის პროგრამა მიმდინარეობს, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება შემოჰყურებს და რომელსაც ისეთი ორგანიზაციები უჭერენ მხარს, როგორიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის მწარმოებელიც გვერდზე გვიდგას და გვაძლევს წამალს. ეს არის დანაშაული. ასეთ შემთხვევაში ნერგავ ეჭვს და მერე გვიწევს დიდი ძალისხმევის ჩადება, რომ თავის რელსებზე დავაბრუნოთ ეს პროგრამა. ასეთი განცხადებებით, ადამიანებს ვუკარგავთ შანსს, რომ განიკურნონ.
ეს ტყუილია და არ ეფუძნება არანაირ სტატისტიკას. მაშინ, როცა ჩვენ სწორედ იმ ადამიანების მოზიდვას ვცდილობთ, რომლებიც ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ დგანან. თქვენ იცით რომ ოფიციალური მონაცემებით, პროგრამაში ჩართული 50 000 პაციენტისგან 98% განიკურნა.“, - ამბობს ეს ადამია.