საქართველოში პირველი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა შეიქმნება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„ვფიქრობთ, რაც შეიძლება, სწრაფად დავიწყოთ მუშაობა ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნაზე, სადაც თავმოყრილი იქნება ყველანაირი ციფრული კონტენტი, ყველანაირი ციფრული მასალა. ამაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთანაც ვიმუშავებთ, რომ შევქმნათ ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა. საინფორმაციო საშუალებებით ბევრი ინფორმაცია გვხვდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაციფრულდა ფოტოები ან სხვა მასალები. არსებობს ციფრული ლიტერატურა. საბოლოოდ, უნდა შევქმნათ გარემო, რომელშიც ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება მოქცეული და ეს გამოყენებადი იქნება არა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით, არამედ ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, აქ თავი უნდა მოიყაროს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულებულმა ნიმუშებმა, ასევე სხვადასხვა მასალამ. ეს იქნება ერთი ქართული ციფრული გარემო, რაც შეიძლება ვაქციოთ ჩვენი განათლებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
„ციფრული სკოლის კონცეფცია“ - განათლების მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში უსმენენ