Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბახალა": არავის გთხოვთ, ბრმად მენდოთ და სიტყვაზე დამიჯეროთ, უბრალოდ გააანალიზეთ ფაქტები

23 ივლისი, 2018 12:25

„უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას და მომიწევს, ჩემი უდანაშაულობა ევროპულ სასამართლოში დავამტკიცო", - გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) Facebook გვერდზე ციხიდან მისი წერილი ვრცელდება.  

„ის რაც დღეს, ჩემს თავს ხდება, არ არის ერთი ადამიანის, კონკრეტულად გიორგი გიორგანაშვილის ისტორია.

ეს არის ამბავი, რომელშიც მთელი ჩვენი ქვეყანა უსამართლოდაა გაჭედილი, ისევე, როგორც მე ვარ ახლა საკანში და აქ ვართ, სწორედ ისეთი მოსამართლეების გამო, ჩემს პროცესებზე რომ ისხდნენ; იმ პოლიციელების გამო, რომლებმაც ხელის აუკანკალებლად ჩამიდეს ნარკოტიკი და მერე სასამართლო დარბაზში უნიჭოდ იცრუეს; იმ პროკურორების გამო, ვინც საქმეებს თითხნის; იმ ჩინოვნიკების, პარლამენტარების და მინისტრების გამო, ვინც ამ სისტემას კბილებით იცავს, რადგან კომფორტის, სავარძლისა და გავლენის დაკარგვის ეშინია. 

საქართველოს სასამართლომ ამ ქვეყნის ერთი რიგითი, უდანაშაულო მოქალაქე გიორგი გიორგანაშვილის უფლებები ფეხებზე დაიკიდა და ის ციხეში გამოკეტა. აქ არ არის საჭირო მორალი, ელემენტარული ლოგიკაც საკმარისია რომ დაინახო, განაჩენი, რომელიც მე გამომიტანეს, რბილად რომ ვთქვა, საეჭვო და უსამართლოა.
მაგრამ მოსამართლებს კითხვაც კი არ გასჩენიათ, რომ ტექნოლოგიურ საუკუნეში ათობით პოლიციელი, რომელიც ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე ადამიანის დასაკავებლად მიემართება, რატომ არ ემზადება და რატომ ასახავს, რატომ არ იღებს ნარკოტიკების ამოღების პროცესს.

დავუშვათ, სამხრე კამერა არ უმუშავებს, მობილურის კამერით რატომ არ იღებს? რა უნდა გადაიღოს პოლიციელმა ამაზე უკეთესი? თუმცა თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჩემთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე, მაგრამ მოსამართლე შორენა გუნცაძე არ დაელოდა ამ გამოძიების დასრულებას და თავისი განაჩენით დაადგინა, რომ ნარკოტიკების ჩადებას ადგილი არ ჰქონდა და ამით წინმსწრებად, გამოძიების დასრულებამდე გაამართლა ნარკოტიკების ჩამდები პოლიციელები და მიანიშნა, რომ ეს გამოძიებაც ისეთივე ფიქტიური და წინასწარ განსაზღვრულია, როგორც მთელი პროცესი და ამ „სამართლიანი“ გადაწყვეტილებიდან, ორ კვირაში შორენა გუნცაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ვულოცავ, ახლა მას უკვე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია გასწიროს ადამიანები ციხისთვის, თუ ამას უბრძანებენ და მიუთითებენ. შთამბეჭდავია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლების - მანუჩარ კაპანაძის, მურმან ისაევისა და ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებაც, რომლებმაც მოსამართლე გუნცაძის მსგავსად უარი მითხრეს თბილისის პროკურატურაში ნარკოტიკების ჩადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების გამოთხოვაზე, იმ გამოგონილი საფუძვლით, რომ ამით გამოძიებას ხელი შეეშლებოდა და უცვლელად დატოვეს 8-წლიანი სასჯელი, რომელიც მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ემყარება.

ჩემს საქმეში არ არსებობს არანაირი ფოტო ან ვიდეომტკიცებულება იმისა, რომ მე ტანსაცმელში ვინახავდი ნარკოტიკულ საშუალებებს. უფრო მეტიც, დაკავების შემდეგ მე გამომძიებლებს გადავეცი ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუში, რათა „ამოღებულ“ ნარკოტიკებზე ჩატარებულიყო გენეტიკური ექსპერტიზა, თუმცა ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ჩადებულ ნარკოტიკებზე, როგორც შემდეგ გავიგე, საგამოძიებო ორგანო ექსპერტიზას არ ატარებს და არც ჩემს საქმეზე ჩაუტარებია. ექსპერტიზა ჩაატარეს რეანომობილიდან ამოღებულ ნარკოტიკებზე, სადაც დადასტურდა, რომ ამოღებულ ნარკოტიკებთან არანაირი შემხებლობა არ გამაჩნია. 

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემ წინააღმდეგ არსებობს ორი საქმე. პირველი ესაა ნარკოტიკების ჩადების საქმე, რომელზეც 8 წელი მომისაჯეს, ხოლო მეორე საქმე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეხება რეანიმობილიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელიც პროკურატურის და შსს მიერ მომზადდა იმისთვის, რომ ნარკოტიკების ჩადების საქმე გაამყარონ.
მაგრამ არც ერთ საქმეში არ არსებობს ობიეექტური მტკიცებულება და თან ორივე საქმე სრულ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. პირველ საქმეში, სადაც ნარკოტიკები ჩამიდეს, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ნარკოტიკებს ვინახავდი ტანსაცმელში, ხოლო მეორე საქმეში მედავებიან, რომ სხვა პირებთან შეთანხმებით, ნარკოტიკები შემოვიტანე საქართველოში. ნარკოტიკების საზღვარზე შემოტანის შესანიღბად კი ვიყენებდით რეანომობილს. 

ნებისმიერი საღი აზრის ადამიანს გაუჩნდებოდა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: თუ ნარკოტიკები რეანომობილით, შენიღბულად შემომქონდა საქართველოში 45 აბს ტანსაცმელში რატომ ვინახავდი და თუ ნარკოტიკები ტანსაცმლით შემომქონდა, რეანომობილი რაში მჭირდებოდა?
პროკურატურის ლოგიკით, X ადამიანის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკებზე შესაძლებელია ბრალი წაუყენენონ Y ადამიანს.​

მე არ ვაპირებ გაჩერებას და თავის დახრას იმ უსამართლო სისტემის წინაშე, რომელმაც ჩემ მსგავსად უამრავი ადამიანი გაწირა და დამნაშავედ აქცია. გვინახავს ისეთი საქმეები, სადაც ადამიანები სისტემას გადაურჩნენ, თუმცა არასოდეს გვინახავს დასჯილი პოლიციელები და მათ წინააღმდეგ ბოლომდე მიყვანილი საქმეები. ამ მახინჯი „პოლიციური სამართლის“ შემოქმედი მხოლოდ შსს და პროკურატურა არ არის. ჩამდებ პოლიციელთა ქმედებებს სასამართლო უმაგრებს ზურგს. რომ არსებობდეს მკაცრი სამოსამართლო კონტროლი პოლიციელთა ქმედებებზე, დარწმუნებული ვარ, აღარ იარსებებდა ასეთი ბინძური სისტემა, სადაც ორი პოლიციელის ჩვენებით ადამიანები ციხეებში დაიფერფლებიან.

მე არავის გთხოვთ, ბრმად მენდოთ და სიტყვაზე დამიჯეროთ, უბრალოდ თვალები გაახილეთ, გააანალიზეთ ფაქტები და კარგად დააკვირდით პროცესებს. ჩემ მიმართ წამოწყებული ამ ბინძური კამპანიით პოლიციური სისტემა შეეცადა საზოგადოებრივი აზრის თავიანთ სასარგებლოდ ფორმირებას. მათ შორის, იმ ადამიანებზე ცდილობდნენ გავლენის მოხდენას, ვინც ჩემს მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გააპროტესტა. ამ „ახალი“ საქმით სისტემამ მათ უთხრა: ვის იცავთ? ადამიანს, რომელიც რეანომობილით დაათრევს ამდენ ნარკოტიკს? და ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვეს საზოგადოებისგან, მაგრამ მაინც ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ ამ საქმით სცადეს პრეზიდენტის დისკრედიტაცია და პოლიტიკური დივიდენდების დაწერა, რაზეც მიუთითებს მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების და განსაკუთრებით რიგითი რუპორის, ვინმე ზარდიაშვილის არაერთი განცხადება, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჩემს მიმართ არსებულ სისხლისსამართლებრივ დევნას საფუძვლად უდევს პოლიტიკური მოტივაცია.

ამ ყველაფრის კიდევ ერთი ლოგიკური გაგრძელება იყო კლუბ „ბასიანზე“ განვითარებული მოვლენები, სადაც სისტემა დარწმუნებული იყო, რომ უკვე მომზადებული ჰქონდა ნოყიერი ნიადაგი ძალადობრივი ქმედებებისთვის, რა თქმა უნდა, „ბარიგებთან“ ბრძოლის ლოზუნგით. თუმცა ამ შემთხვევაში შსს-მ ვერ გათვალა, რომ თავისუფალ ადამიანებთან მსგავსი მეთოდები არ გაჭრიდა და აქაც აამუშავეს ბნელი კამპანია, თავიანთი მარტორქების ზეიმით ფინალში. 

კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორი მეთოდებით მუშაობს შსს და პროკურატურა „ხორავას ქუჩის საქმეა“, რომლის შემსწავლელი პარლამენტის კომისიის სხდომებს პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით, სადაც საქმის ზემდგომი პროკურორი და ძალოვნების მთლიანი რგოლი უთავმოყვარეოდ და უტიფრად აგრძელებს ისეთი შეკერილი საქმის გამართლებას, რომელსაც უკვე გადაჰყვა მთავარი პროკურორი და პრემიერი.

მე უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას და მომიწევს, ჩემი უდანაშაულობა ევროპულ სასამართლოში დავამტკიცო", - წერს ბახალა.

„ამ ფარსში მონაწილეობა აღარ მინდა, თქვენი იმედიღა დამრჩა" - ბახალამ დარბაზი დატოვა

ბახალას საქმე

„ბახალას“ „საბოლოო სიტყვა“​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^