საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივანს ათენის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დახმარებას სთავაზობს.
„საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ქართველი ხალხის სახელით, ნება მიბოძეთ გამოვხატო ღრმა მწუხარება მასშტაბური ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა და რომელმაც უდიდესი ზარალი გამოიწვია.
ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს.
გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“,- ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ცეცხლი, რომელიც ათენთან ახლოს, ატიკის რეგიონში მძვინვარებს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთის ყველაზე დიდი ხანძარია.