„მე ვარ „შენების მოძრაობის“ წევრი, რაც პოლიტიკური პარტია არ არის. ასე რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მე ვიქნები არაპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატი“,- ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ, რომელსაც ქვეყნის სწორი მმართველობის ჩამოყალიბება სურს, მხარი მას უნდა დაუჭიროს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, უსუფაშვილის შეფასებით, პარტიაში თავად არ არიან ჩამოყალიბებულები, ვის დაუჭირონ მხარი. ის აცხადებს, რომ მისი შეთავაზება არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ამომრჩევლებს ეხება.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ისეთი კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი, ამომრჩევლისთვის არჩევანის გაკეთება საპასუხიმსგებლო და სასიამოვნო იქნება. მისი შეფასებით, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება არა ცუდებს, არამედ კარგებს შორის მოუწევს.
„მე დარწმუნებული ვარ, 2012 წლის ცვლილებების ერთგული და დღეს იმედგაცრუებული ადამიანები იმის მოსურნე არიან, რომ ეს ღირებულებები და პრინციპები დამკვიდრდეს და გაგრძელდეს ქვეყანაში. ასეთ ერთ-ერთ კანდიდატად მე ჩემს თავს განვიხილავ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს, სახელისუფლებო გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს.
ივანიშვილი: ჩემი პოზიციაა, რომ არ დავასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატი
„ჩემი პოზიციაა, რომ არ დავასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატი",- განაცხადა მან. ივანიშვილის შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ასე უკეთესი იქნება.
პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, იგი გუნდს ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას სთავაზობს, მაგრამ თუკი ასეთი კანდიდატი არ იქნება, მას სურს, რომ ამ ინსტიტუტისთვის მხოლოდ ოპოზიციამ იბრძოლოს.
როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, „ქართული ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე.