გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წამის წინ სოციალურ ქსელში თავის FACEBOOK გვერდზე თბილისში ნისლის შესახებ გავრცელებული განცხადების ტექსტი შეცვალა.
შეცვლილ განცხადებაში წერია, რომ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით), აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში აღინიშნა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელება.
„სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია." - ნათქვამია განცხადებულ განცხადებაში.
განცხადების თავდაპირველ ვერსიაში მტვერი ნახსენები არ იყო.
თავდაპირველი განცხადება
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქ.თბილისსა და მის შემოგარენში ნისლი ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსია. ნისლი, განპირობებულია ქვეყნის სამხრეთ რაიონებიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებისა და კავკასიონის ქედზე არსებული შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესები ზაფხულის პერიოდისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია."