Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4 წლის წინ გაფიცული კაზრეთელი მუშებისა და მათი მხარდამჭერების ხმა ისმოდა, აპრილში პროტესტის ტალღამ სოფელ ტანძიაში გადაინაცვლა. უკმაყოფილებას კვლავ ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანია RMG იწვევს.

ქალაქ ბოლნისის ცენტრიდან 20 წუთში, დიდი მწვანე ველების გავლით, სადაც თავსაფრიანი ქალები ბახჩებს უვლიან, სწორედ ამ პატარა სოფელში - ტანძიაში მოხვდებით. დღეს აქ აპრილში დაწყებული პროტესტის კვალია შემორჩენილი - „არა ბუნების განადგურებას!“, „ფულზე არ ვიყიდებით!“, „არა ადამიანების სიცოცხლის მოსპობას, ისტორიული ძეგლების განადგურებას!“, - ამ შინაარსის წარწერებიანი ტრაფარეტი სწორედ იმ გზაჯვარედინთან დგას, რომელიც რამდენიმე თვის წინ ადგილობრივებს ჰქონდათ გადაკეტილი. ტანძიელები „ბნელი ხევისკენ“ მიმავალ RMG-ის მძიმე ტექნიკას არ ატარებდნენ - კომპანია სოფლის მახლობლად მდებარე ქედზე ღია კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვებას აპირებს. 

ტანძიელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ბუნებასთან ჭიდილი. მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია. ისინი აქ დაახლოებით 30 წლის წინ, სტიქიის გამო, სვანეთიდან ჩამოასახლეს. მათ ცხოვრების თავიდან დაიწყება მოუხდათ. ახლა კი შიშობენ, რომ მათ მახლობლად მთის ფერდობზე ღია კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები საცხოვრებელ გარემოს დააბინძურებს, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას. მაგალითად კი ახლოს მდებარე დაბა კაზრეთი და სოფელი ბალიჭი მოჰყავთ, სადაც წლებია მიმდინარეობს საწარმოო სამუშაოები. ადგილობრივები შიშობენ, რომ ღია კარიერული სამუშაოების შემთხვევაში ქარი ჰაერს დაბინძურებს. საქსტატის მონაცემებით, ქვემო ქართლი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავეა.

   სოფლის სკოლასთან ორი ტანძიელი მასწავლებელი შემოგვხდა. ზოია წერედიანი და მერი კვიციანი სკოლისკენ მიდიან. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, ისინი თანასოფლელებსა და კოლეგებთან ერთად აპრილში  მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ. ზოია და მერი შიშობენ, რომ კომპანიის საქმიანობა მათ საცხოვრებელ გარემოს დიდ ზიანს მოუტანს. 

მასწავლებლები საწარმოო საქმიანობის შედეგად წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე საუბრობენ: „ამ მოწამლული წყლით ირწყვება მარნეულის მინდვრები და შემდეგ ყველანი ამ მოსავალს ვჭამთ. განა მარტო ჩვენ, თქვენც ჭამთ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს“, - ამბობს მერი.

მასწავლებლები ამბობენ, რომ წიაღისეულის მოპოვება ქვეყნისთვის აუცილებელია, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს გარემოს დაბინძურებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე. „სვანეთში ისეთი შეშინებულები ვცდილობდით გადარჩენას“, - ამბობს მერი კვიციანი და აგრძელებს  „ახლა აქაც იმავეს ვცდილობთ.  ჩვენ არა გვიშავს, თუკი სახელმწიფოს ჩვენი თავდადება და გაწირვა სჭირდება, იყოს ჩვენი თავი, წარმავალი ხალხი ვართ, მაგრამ რა ვუყოთ მომავალ თაობას? შვილებს და შვილიშვილებს რა ვუყოთ? მათი მომავლისთვის ხომ უნდა ვიზრუნოთ?“. 

სვანების გარდა ტანძიაში ჭიათურელი ვეფხვია ღვალაძეც ცხოვრობს. 10 შვილის მამა ჭიათურიდან „კიბოს გამოექცა“. ახლა კი შიშობს, რომ მის ოჯახს ეს საფრთხე აქაც დაემუქრება. „ახლა კომპანია უნდა შემოვიდეს და ჩემი 10 შვილი ნელა-ნელა უნდა დამიხოცოს. მე წასასვლელი არსად მაქვს. ჭიათურაში ვცხოვრობდი და კიბოს გამოვექეცი იქიდან. იქ კაცი პენსიამდე ვერ აღწევს. იგივე სიტუაციაა აქ. თუ სამუშაოები განახლდება, აქ ცხოვრება სახიფათო გახდება“.

ტანძიიდან კარგად მოჩანს გაკაფული „ბნელი ხევი“. სოფლის სკოლის უკან კი ხეების „სასაფლაო“ მდებარეობს. ბორცვებზე შეფენილ სხვადასხვა ზომის მოჭრილი ხის მორებს ბოლო არ უჩანს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს მხოლოდ გაკაფული ტყის ნაწილია. კომპანია RMG-ს ამ ხეების მოჭრის ნებართვა სატყეო სააგენტომ გასული წლის მაისში მისცა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე RMG-იმ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლნისსა და დმანისის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში დაახლოებით 2,856 კუბური მეტრი ხის მოჭრის ნებართვა მიიღო - „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე კი 2017 წელს თითქმის ორჯერ მეტი (დაახლოებით 5 600 კბმ) ტყითსარგებლობის უფლება მიიღო. RMG-ის ინფორმაციით, კომპანიას გადახდილი აქვს კომპენსაცია 1 017 312 ლარი, რომელიც მათივე განმარტებით, ტყის ფონდის აღდგენას მოხმარდება.

„ბნელი ხევის“ საბადოს ათვისების პროექტი კარიერისა და სანაყაროს მოწყობას ითვალისწინებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება კომპანიის ცნობით, 20 000 000 ლარს შეადგენს. ამ პროექტზე კომპანიას დამტკიცებული აქვს ათვისების 5-წლიანი გეგმა. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შევა 5 160 323 ლარი, ხოლო ამ ეტაპზე რეგულირების საფასურის სახით - 2 622 680 ლარი. 

RMG-ის საქმიანობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში - კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა


ბოლნისის მუნიციპალიტეტში ოქრო-სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალების საბადოს შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. 1975 წლიდან ამოქმედდა  ფერადი ლითონების ერთ-ერთი უდიდესი საწარმო - მადნეულის კომბინატი. 1994 წელს კი შეიქმნა მეორე საწარმო - „კვარციტი“. 2012 წლიდან საწარმოების „კვარციტისა“ და „მადნეულის“ მფლობელი რუსული კომპანია „კაპიტალ  ჯგუფი“ გახდა. სწორედ ამ პერიოდში სს „მადნეულს“ დაერქვა - არემჯი კოპერ (RMG Copper), ხოლო შპს „კვარციტს“ - არემჯი  გოლდ (RMG Gold).


კომპანიები „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ ოქროს და სპილენძის შემცველ მადნებს მოიპოვებს და გადაამუშავებს. კომპანიის საქმიანობა უახლოესი 10 წლის განმავლობაში არაერთხელ ქცეულა გარემოს, შრომის უფლებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკის ობიექტი.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, საწარმოს საქმიანობა უარყოფით გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის ეკოსისტემასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არგუმენტად კი კვლევის შედეგები მოაქვთ: არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წლების განმავლობაში ნორმას აღემატება. RMG-ის მმართველობის ქვეშ არსებული საბადოები, რომლებიც ღია კარიერული წესით მუშავდება, კვლევის თანახმად, ტოქსიკური ლითონებით გარემოს დაბინძურებას იწვევს. 

მაგალითად, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მაღალი დონე აჩვენა უახლესმა კვლევამ, რომელიც „მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითმა პლატფორმამ“ ჩაატარა. კვლევა მოეწყო თსუ-ის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ-ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით.

თუ სოფელ ქვემო ბოლნისში მოხვდებით, გაყვითლებულ და აქაფებულ მდინარე ფოლადაურსაც ნახავთ, რომელიც ადგილობრივების ნათესებს შორის მიედინება. ის მდინარე მაშავერას უერთდება, მაშავერას კი მოსავლის სარწყავად იყენებენ. კვლევის მიხედვით,  მდინარეები ფოლადაური, მაშავერა და კაზრეთულა მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო საწარმოს ნარჩენების საცავიდან ჩამონადენი წყალია, რომელსაც მოჰყვება მძიმე მეტალები, ნიადაგსა და წყალს აბინძურებს და შედეგად კვებით ჯაჭვში ხვდება. 

 „ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. აღნიშნული პროდუქცია კი ბაზარზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედის, რაც, თავის მხრივ, უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება“. 

ბოლნისელები გარემოს დაბინძურებას, მუნიციპალიტეტში კიბოსა და სხვა დაავადებების გავრცელებასთან აკავშირებენ და საუბრისას მაგალითად მოჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, რომლებიც დაავადებულნი არიან. დღემდე არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ბოლნისში გარემოს დაბინძურებასა და მოსახლეობაში კიბოს გავრცელებას შორის კავშირს გამოიკვლევდა, თუმცა არსებობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკა ქვეყანაში კიბოს გავრცელების შესახებ. როგორც გამოთვლებმა აჩვენეს, ქვეყანაში კიბოს ასაკ-სტანდარტიზებული ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 241-ს შეადგენს. გამოვლინდა 18 მუნიციპალიტეტი, სადაც ეს მონაცემი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტი არ არის (ბოლნისის მაჩვენებელი 126-ია).

როგორც „მწვანე პლატფორმის“ კვლევაშია ნათქვამი, კვლევის შედეგად ბოლნისში მდინარეებსა და ნიადაგში გამოვლენილი მძიმე მეტალების მაღალი მაჩვენებელი (კადმიუმი, ტყვია, სპილენძი, თუთია, რკინა, ნიკელი, მანგანუმი და დარიშხანი) გარდა სიმსივნური დაავადებების პროვოცირების რისკისა, მაღალი ალბათობით აზიანებს ფილტვებს, თირკმელებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა და ძვლოვან სისტემებს, იმუნურ სისტემას და სხვ.

გარემოს დამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ კომპანია დაბინძურების პრობლემას „ისტორიულ მემკვიდრეობას“ უწოდებს, ხოლო მის განეიტრალებაზე აღებულ პასუხისმგებლობას - „კეთილ ნებას“. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორი ნინო გუჯარაიძე „ლიბერალთან“ საუბრისას იხსენებს, რომ კომპანიების პრივატიზებამდე არ შემოწმდა, თუ რა მდგომარეობაში იყო საწარმო, თუ რა გავლენა მოახდინა მისმა საქმიანობამ გარემოზე:

„ტერმინი „ისტორიული დაბინძურება“ არ არსებობს, შესყიდული კომპანიის საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ახალმა მფლობელმა უნდა აიღოს. კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიები სპეკულაციას ცდილობენ, რომ მათ კი არ დააშავეს, დაბინძურება ძველი პრობლემაა. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა იყო ძველი“. 

სპეციალისტები კომპანიის მხრიდან გარემოზე მიყენებულ მასშტაბურ ზიანზეც საუბრობენ: გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე „RMG Gold-ისა“ და „RMG Copper-ის“ მიმართ შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 27 ოქმი, სასამართლოს მიერ კომპანიებისთვის დაკისრებული სახდელის ოდენობა კი საერთო ჯამში 93 150 ლარს შეადგენს.

  • 2013-2014 წლების ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ 2014 წელს კომპანია საწარმოო უბანს ექსპერტების დასკვნის გარეშე აშენებდა - შედეგად მიწა დაბინძურდა და დეგრადირდა, ზიანის ოდენობამ კი 29 153 880 ლარი შეადგინა.
  • ამავე პერიოდში „RMG Copper“-ის საწარმოს ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის ავზიდან 500 მ. კუბი ოდენობის საშიში ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ავარიულად ჩაიღვარა მდინარე მაშავერაში, შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 078 187 ლარზე მეტი შეადგინა.

ორივე შემთხვევაში, ვინაიდან ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. თუმცა, როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.

2015 წლიდან დღემდე კი გარემოს დაცვის სამინისტროს კომპანიის მხრიდან გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არ დაუანგარიშებია. უწყების ცნობით, საკითხის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს. 

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ გარემოზე წარმოების საშუალებით მიყენებული ზარალი მრავალჯერ აღემატება მისგან მიღებულ სარგებელს, საუბარია ჯარიმის ოდენობაზე, რომელსაც კომპანიები იხდიან. მაგალითისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2013-2014 წწ. ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით გარემოსადმი მიყენებული ზარალი საერთო ჯამში 403 784 729 ლარია, ხოლო სამართალდამრღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ მხოლოდ 6 139 220 ლარი შეადგინა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ „RMG Gold-ისა“ და „RMG Copper“-ის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისათვის და გარემო-პირობების გამოსწორებისთვის მიეცა „გონივრული ვადა“, რომელიც 2018-2020 წლებში კონკრეტული ზომების მიღებას ითვალისწინებს. თუმცა, „მწვანე პლატფორმაში“ მიიჩნევენ, რომ სამინისტროს მიერ გაწერილი ვადები გაჭიანურებულია. მათი შეფასებით, გეგმაში გაწერილი ღონისძიებები სასწრაფოდ შესასრულებელია - „გეგმა უნდა იყოს ორიენტირებული დაბინძურების წყაროების გაუვნებელყოფაზე და არა მის შედეგებთან ბრძოლაზე“.

კომპანიის როლი ადგილობრივ და სახელმწიფო ბიუჯეტში

კომპანიის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა 500 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 74 მილიონი ლარი.

კომპანია რამდენიმე ტიპის გადასახადს იხდის, ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხის რაოდენობა კი კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამგვარად ნაწილდება: ქონების გადასახადი შეადგენს - 4 მილიონ ლარს, მოგების გადასახადი 47 მილიონს, საშემოსავლო გადასახადი 62 მილიონს, რეგულირების გადასახადი კი 49 მილიონი ლარია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 26 მილიონ 222 ათასი ლარია, აქედან 80%-ს კომპანიიდან შემოსული თანხა შეადგენს.

კომპანიის ინფორმაციით, დღესდღეობით RMG-სა და მასთან დაკავშირებულ საწარმოებში საერთო ჯამში დასაქმებულია 3 000-მდე ადამიანი, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია. ამდენად, კომპანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში. 

RMG-ში აცხადებენ, რომ მუშათა საშუალო ხელფასი 2013 წელს 800 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს კი საშუალო ხელფასი 1200 ლარია, რასაც ემატება სოციალური პაკეტი (ყოველკვარტალური პრემია, უფასო კვება, ტრანსპორტირება, ჯანმრთელობის დაზღვევა, სოციალური ფონდი), თუმცა კომპანიიდან ვერ მივიღეთ პასუხი ადმინისტრაციის თანამშრომელთა საშუალო ხელფასის შესახებ.

 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე მერის მოადგილე, ვალენტინა ნავერიანი გვესაუბრა. მან პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა და განათლება დაასახელა.

უფრო კონკრეტულად კი, ყველაზე მეტი თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურისთვის იხარჯება - ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი. ვალენტინა ნავერიანი საბიუჯეტო თანხის ხარჯვისას ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტულობას, ერთი მხრივ, იმით ხსნის, რომ მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემო, თავად მოსახლეობის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას განაპირობებს, მეორე მხრივ კი, ყურადღებას ამახვილებს ამ პროექტების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობაზეც: „გარდა ამისა, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების კუთხითაც, რაც აუცილებელი და ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავლები მიიღოს, როგორც კერძო სტრუქტურამ, ასევე სახელმწიფომ“. 

ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი ნაკლებად არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობის მართვაში. რასაც ადასტურებს ვალენტინა ნავერიანიც. მისი თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვისას მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა ნულის ტოლია. ამის მიზეზად მოსახლეობის პასიურობას ასახელებს. რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებისათვის? ვალენტინა ნავერიანი ამბობს, რომ თვითმმართველობა ამ შემთხვევაში სოფლის რწმუნებულების იმედზეა, რომლებიც იმავე სოფლის მცხოვრებნი არიან და მათ ყველაზე უკეთ იციან ადგილობრივების საჭიროებები.

ადგილობრივი მოსახლეობა მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებზე საუბრისას ძირითად პრობლემად მძიმე სოციალურ ფონს ასახელებს. მოსახლეობას ძალიან უჭირსო, ამბობენ ბოლნისელები და მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მეტწილად გაჭირვებული ადამიანების დახმარებაზე უნდა იხარჯებოდეს, მათთვის, ვისაც საკვებზე, საცხოვრებელი სახლსა და სამედიცინო მომსახურებებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. ბოლნისელები იმასაც ამბობენ, რომ მათ ყოველთვიურ შემოსავალს ყველაზე მძიმე ტვირთად სწორედ სამედიცინო ხარჯი აწვება.

ბოლნისის  ცენტრში მდებარე უფასო სასადილოსთან მზე უმოწყალოდ აჭერს, უფასო საკვების მომლოდინეები კი მოთმინებით ელიან კარის გაღებას. სადილის მზადება დასრულდა და ტრადიციულად, „მადლის“ დირექტორი ბენეფიციარებს შიგნით ეპატიჟება. სამზარეულოს სარკმელში ცარიელ ჭურჭელს აწვდიან, იქიდან კი წასაღებად გამზადებულ, წვნიანით სავსე ჭურჭელსა და პურს იღებენ. ბენეფიციარებს შორის ქალები ჭარბობენ, აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეხვდები.

მათ შორისაა 32 წლის რუსუდან გოგსაძე. ის უსინათლო, დიაბეტით დაავადებულ დედასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ თვეში 350 ლარამდე შემოსავალი აქვს, რაც არ ჰყოფნით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 108-ლარიანი დახმარება 60 ლარამდე შეუმცირეს. ყველაზე მეტი თანხა მედიკამენტებზე ეხარჯებათ. სამსახურს ვერ შოულობს, რადგან, ერთი მხრივ, დედაზე უნდა იზრუნოს, მეორე მხრივ კი, „დამლაგებლობასაც ნაცნობ-მეგობრები სჭირდება“.

 „კიდევ კარგი მაღაზიები გვენდობიან“ - სურსათს ვალით ყიდულობს და შემდეგ დედის პენსიით ისტუმრებს. რუსუდანი სახლიდან სასადილომდე რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადის და საკვებით დატვირთული უკანაც ფეხით ბრუნდება - ამბობს, რომ ასე პურის ფულს ზოგავს (ავტოვუსით მგზავრობა 30 თეთრი ღირს).

 ბოლნისი მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია, სულ 54 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა, დაახლოებით ნახევარზე მეტი (55%) ეთნიკურად აზერბაიჯანელია, დაახლოებით 13% კი - ეთნიკურად სომეხი. მუნიციპალიტეტში სოციალური დაცვის პაკეტის მიმღები 1919-ია. საარსებო შემწეობას საერთო ჯამში 1690 ოჯახი იღებს, რაც 6 366 ადამიანს შეადგენს.

ბოლნისელები გამგეობას, ძირითადად, ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავენ, რაც მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზე მიუთითებს. „დღეში 30-40 განცხადება შემოდის ხოლმე ფინანსური დახმარების მიღების მიზნით“, - ამბობს ვალენტინა ნავერიანი და მაგალითისთვის იანვარ-თებერვლის სტატისტიკა მოაქვს, როცა მერიაში ყველაზე მეტი, 2 800-მდე განცხადება შევიდა, საიდანაც, მისივე თქმით, 80% დაკმაყოფილდა.

საერთო ჯამში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 3 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული. უფრო კონკრეტულად კი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 200 ათასი, ხოლო სოციალური პროგრამებისთვის - 2 მილიონ 979 ათასი ლარი.

 ამ თანხაში გათვალისწინებულია 350 ბენეფიციარისთვის უფასო სასადილო; ასევე ხანდაზმულთა სახლის მომსახურება, სადაც ამჟამად 15 მოხუცი ცხოვრობს. ამავე პროგრამით ფინანსდება შინ მოვლის სერვისი, რომლითაც 30 ადამიანი სარგებლობს.

ამ სერვისის ერთ-ერთი ბენეფიციარი მანანა ჯალაღონიაა. კაზრეთში მცხოვრები მანანა ჯალაღონიას ეზოში სამი მუშა ზის და ისვენებს. ისინი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მანანას სახლის ჩამონგრეულ კედელს არემონტებენ. როგორც თავად ამბობს, სახლს ბზარები კომპანიის სამთო აფეთქებების შედეგად გაუჩნდა და თითს იშვერს კარიერისკენ, რომელიც მისი აივნიდან კარგად მოჩანს. როგორც თვითონ იხსენებს, ბევრი ღამე შიშით გაუთენებია, ჭერი თავზე არ ჩამომენგრესო, ხშირად ახლობლებთანაც უწევდა დარჩენა. კედელი ნახევრად გადახსნილია და მზის სხივები სვეტებად აღწევს საძინებელში. საწოლებზე ბრეზენტია გადაფარებული. იქვე მიდგმულია სკამი, რომელსაც ტუმბოს ფუნქცია შეუთავსებია. ამ სკამზე ბიბლია და ბევრი წამალი აწყვია.

 მანანა ჯალაღონიას გადაადგილება უჭირს და ამიტომ მუშაობასაც ვერ ახერხებს. მას ქუჩაში ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, სამედიცინო ჩარევებმა კი დიდი სამსახური ვერ გაუწია და ის 11 წელია, ყავარჯნებით გადაადგილდება. ამიტომ შინ მოვლის პროგრამით სარგებლობს, რაც ექთნის, დამხმარესა და დამლაგებლის მომსახურებას გულისხმობს. პროგრამით კმაყოფილია, თუმცა ფინანსურად უჭირს. მანანა 59 წლისაა და პენსიას ჯერ არ იღებს, მისი შემოსავლის წყარო იანვრიდან დანიშნული 50 ლარია. ამ თანხასაც ის ციხეში, შვილთან, გზავნის: „სანამ ამას დამინიშნავდნენ, მე კეთილი ადამიანების დახმარების იმედად ვიყავი, გავყურებდი გზას - ვინ რას მომიტანდა“.

კაზრეთი - გაფიცვიდან დღემდე

კაზრეთისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ წინ კომპანიის სატვირთო მანქანები მიდიან და გზად ისეთ ბუღს ტოვებენ, იძულებული ვართ მანქანის ფანჯრები ავწიოთ. ალაგ-ალაგ წარმოებისგან ჩამოთლილ მწვანე ბორცვებს შორის საბჭოთა დროს აშენებული ძველი, პირქუში კორპუსებიც გამოჩნდა - ეს დაბა კაზრეთია.

ავტოსადგურთან პარკის მსგავსი პატარა კუთხეა, სადაც ხეებს შორის გადებული სკამი და სამი სარწეველა დგას. დედა ორ პატარა შვილთან ერთად არის გამოსული. გოგო სარწეველაზე ქანაობს. ბიჭი სათამაშო სატვირთო მანქანებით ირთობს თავს. იქვე ქალი ბოსტნეულს ყიდის… 

2014 წელს კაზრეთში საწარმო 3000-მდე თანამშრომელმა დატოვა და ქუჩაში გამოვიდა. მუშების პროტესტს მაღაზიები, სკოლები და ბაღებიც შეუერთდნენ. მათ მხარი დაუჭირეს სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. გაფიცულები გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას, მენეჯმენტის შეცვლას, ხელფასის ზრდას, სამუშაო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

მუშათა 40-დღიანი გაფიცვის დასრულების შემდეგ ამ დაბიდან თითქმის აღარაფერი გვსმენია. აქაური საზოგადოება დროის დინებასთან ერთად უფრო და უფრო ჩაიკეტა. მუშა, რომელიც ინტერვიუზე დაგვთანხმდა, გიორგი აზარაშვილია. ის 2005 წლიდან მუშაობს ადგილობრივ საწარმოში. 2014 წელს გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის მოხვდა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი უსამსახუროდ იყო, ახლა კი კვლავ RMG-ის სარემონტო საამქროში მუშაობს ზეინკლად. 

მისი სამუშაო დღე დილის 8 საათზე იწყება და 12 საათს გრძელდება, 2 დღე მუშაობს და 2 დღე ისვენებს. თუ დანადგარს ნაწილი გაუფუჭდება, ან თუკი რაიმეს გამოჩარხვაა საჭირო, ან შლაგბაუმია გასაკეთებელი, შედუღება, მანქანის ნაწილები, ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც წარმოების დროს ფუჭდება სწორედ იმ საამქროში მიაქვთ შესაკეთებლად, სადაც გიორგი მუშაობს.

დროთა განმავლობაში კარიერების რაოდენობის ზრდასთან ერთად სამუშაომაც იმატა. ამბობს, რომ კომუნისტების პერიოდთან შედარებით 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი დატვირთვით მუშაობს წარმოება. წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ „ლიბერალისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ამჟამად კომპანია ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში 7 სხვადასხვა ობიექტზე ფლობს წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას. მათ შორის ყველაზე ახალი მიმდინარე წელს გაიცა და ვადა 2041 წელს გასდის. დოკუმენტის მიხედვით, ობიექტზე (რომლის ფართობიც 1035 ჰექტარია) რესურსის მოცულობა ასეთია: ოქრო - 1804 კგ; ვერცხლი 64 900 კგ; სპილენძი 26 814 ტონა; დეტალური ინფორმაცია ლიცენზიების შესახებ იხილეთ დოკუმენტში. 

 გიორგი გვიყვება, რომ გასულ წლებთან შედარებით, მისმა ხელფასმაც მოიმატა, ხელზე 850 ლარს იღებს, თუმცა ფიქრობს, რომ გაწეულ შრომასთან შედარებით ანაზღაურება დაბალია. განსაკუთრებით კი ის ფაქტი არ მოსწონს, რომ მუშებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებს შორის რადიკალური განსხვავებაა.  „ჩემი ხელფასის კარგი მხარე ის არის, რომ სესხს ადვილად მაძლევენ, ყოველთვე 500 ლარს ვიხდი ბანკში“, - ასე ამბობს და აგრძელებს - „მთელ კაზრეთში კაცს ვერ ნახავ, კრედიტი რომ არ ჰქონდეს ერთი, მეორე, მესამე ბანკიდან“. 

როცა გაფიცვის დღეებს იხსენებს, პროფკავშირის მიმართ გულისწყრომას ვერ მალავს. ფიქრობს, რომ უღალატეს. გიორგის თქმით, გაფიცვამ გარკვეული შედეგები მოიტანა, კომპანიამ პირობების გამოსწორება დაიწყო - გააკეთეს გამოსაცვლელი ოთახები, სველი წერტილები, იზრუნეს კვებაზე, პირობები და ჯანდაცვის პაკეტიც გაუმჯობესდა, სპეცტანსაცმელიც და აღჭურვილობაც და ა.შ.

გიორგი აზარაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა რომ სხვაგვარი ყოფილიყო, დღეს საყდრისი და ყაჩაღიანი განადგურებას გადაურჩებოდა, იქ არსებული არტეფაქტები კი ტურისტებს მიიზიდავდა. ამბობს, რომ არსებულ რეალობაში კი განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა, დაბინძურებული გარემო და ამოღებული წიაღისეული რჩება.

„ის არტეფაქტებიც წავიდა და მორჩა - მერე რა იქნება? ყაჩაღიანი 2 წელიწადში ამოიღეს და რა დაგვრჩა? - არაფერი. ყველაფერი ამოღებულია. გარემო დაბინძურებულია. ამ ყველაფრის განაშენიანებას ერთი ასი წელი დასჭირდება...“.

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო - აფეთქებიდან ფრანკფურტის გამოფენამდე

2004 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე გერმანელი და ქართველი მეცნიერების მიერ მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა. საყდრისი-ყაჩაღიანი მსოფლიოში ოქროს უძველესი პრეისტორიული ხანის მაღაროდ იქნა მიჩნეული. 2006 წელს ობიექტს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, 2013 წელს კი სტატუსი მოუხსნეს და საყდრისი ააფეთქეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ საყდრისის აფეთქებას წინ უძღვოდა „უაღრესად საეჭვო“ გარემოებები, კერძოდ, კულტურის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისის აფეთქების წინა დღეს, ერთ დღეში 4 გადაწყვეტილება მიიღო და 17 მოქმედება შეასრულა - შედეგად საყდრისს ძეგლის სტატუსი მოეხსნა და კომპანიას მისი აფეთქების საშუალება მიეცა.

საია მიიჩნევს, რომ კანონდარღვევებით წარიმართა არაერთი პროცესი კერძოდ, კომპანია „RMG-Gold”-ის მიერ 13 დეკემბერს არქეოლოგიური ობიექტის აფეთქება და 30-31 დეკემბერს „RMG-GOLD”-ისთვის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება და სხვა.

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე სასამართლოსა და პროკურატურის მიერ საქმის არასათანადოდ გამოძიებაზეც საუბრობს. იურისტის შეფასებით, მთავარ პროკურატურას, მიუხედავად ოფიციალური მიმართვისა, საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების ფაქტზე არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება, რაც მიუთითებდა გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებასა და ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე. 

 „ეს იყო „შეთქმულება“ საყდრისის წინააღმდეგ, რომ ის აუცილებლად განადგურებულიყო. გადაიკვეთა ბიზნესისა და კულტურული მემკვიდრეობის ინტერესები. ფაქტია, რომ სახელმწიფო, ვერ დადგა მყარ პოზიციაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად“.

 წელს მთავრობა გეგმავს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პარალელურად აფეთქებული საყდრისიდან მოპოვებული არტეფაქტები ფრანკფურტში იმის დასტურად გამოფინოს, რომ საქართველო ოქროს მოპოვების უძველესი ადგილია. „ამ პროცესში ყველაზე დიდი აბსურდი ესაა“, - ამბობს სულხან სალაძე და განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ „კერძო, ვიწრო ინტერესებს“ ანაცვალა მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მეორე მხრივ კი, ამაყობს ამ მემკვიდრეობით და უკვე აფეთქებული საყდრისის „ნარჩენების“ გამოფენაზე გატანას გეგმავს. 

დღესდღეობით ეკონომიკის სამინისტროში გარემოს დაცვის კომიტეტის წერილის საფუძველზე, განიხილავენ, შეაჩერონ თუ არა კომპანიის სამუშაოები „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე, თუმცა ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, თუ როდის მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

გარემოს დაცვის კომიტეტის წერილში კი ნათქვამია, რომ „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე კომპანია RMG-ს არ უნდა მიეცეს ახალი საბადოს დამუშავების უფლება, მანამდე, სანამ არ გამოჩნდება კომპანიის ნება გააუმჯობესოს გარემოს დაბინძურების მხრივ არსებული მდგომარეობა. ახლა ჯერი ეკონომიკის სამინისტროზეა.

საპარლამენტო კომიტეტის დასკვნას არ იზიარებს კომპანია. RMG-ში მიიჩნევენ, რომ „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც კომიტეტი სხვა დოკუმენტებთან ერთად ეყრდნობა, დაშვებულია უზუსტობები და წარმოდგენილია დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციები.

„ვთვლით, რომ ამ კვლევებისადმი ჩვენი საფუძვლიანი უნდობლობის გათვალისწინებით, კომიტეტის მოსაზრება, რომ კომპანიას არ მიეცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მუშაობის ნებართვა, პირველ რიგში დააზიანებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. სამართლებრივი თვალსაზრისით კი მსგავსი მიდგომა საკუთრების უფლებაში უხეშ ჩარევად მიგვაჩნია“, - განუცხადეს „ლიბერალს“ კომპანიაში.

მათივე ცნობით, კომპანიას უკვე გამოყოფილი აქვს შესაბამისი რესურსი და აქტიურად მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული გეგმის შესრულება.

 „ბნელი ხევის“ ტერიტორიაზე სამუშაო პროცესი ტანძიელების პროტესტის შემდგომ დროებით არ მიმდინარეობს. ტანძიელები ამბობენ, რომ სამუშაოების განახლებას ისინი არ დაუშვებენ და თუ საჭირო გახდება, საპროტესტო აქციებს განაახლებენ. ტანძიელები ელოდებიან...

„ლიბერალი" წარმოგიდგენთ ახალ პროექტს. სტატიების, ინტერვიუების, რეპორტაჟების, ვიდეოების, ფოტოამბების სერიებს რეგიონებიდან. თუ გსურთ გაეცნოთ ამ მასალებს, დააკლიკეთ ბმულს და გამოგვყევით სპეციალურად რეგიონებისთვის განკუთვნილ, „ლიბერალის" ახალ ფეისბუქ ფეიჯზე.


_________________________________________________
სტატია მომზადებულია პროექტის, "ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^