
„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული სასულიერო პირის, გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მამალაძეს სინოდის წევრებთან შეხვედრისა და მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სურვილი აქვს.
როგორც მიხეილ რამიშვილმა „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტა, ძალიან ბევრი მღვდელმთავარი აცხადებდა საჯაროდ, რომ ბევრ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. ადვოკატი ამბობს, რომ თუ მართლა აინტერესებთ დეტალები, შევიდნენ გიორგი მამალაძესთან და ამომწურავი პასუხები მიიღონ - ვინ იდგა ამ საქმის უკან, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი და ა.შ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე: მითხრეს, რომ პატრიარქის მოწამვლის მცდელობისთვის დამაკავეს
„ჩემი ინფორმაციით, გარკვეული მზაობა არსებობს. უკვე სხვანაირად დაიწყეს ლაპარაკი, აქამდე თუ ამბობდნენ, რომ გამოძიებას ელოდნენ, ახლა უკვე დღის წესრიგში დგას, რომ ეს საქმე თავიდან იქნას გამოძებული. მაგრამ გამოსაძიებელი აღარაფერია, აქ ყველაფერი დამოკიდებულია უზენაესი სასამარლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიანობაზე“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ლიბერალთან“ საუბრისას.
რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, ადვოკატის თქმით, ვინც თავიდანვე ადევნებდა თვალყურს ამ პროცესებს და საქმის დეტალები იცის, გიორგი მამალაძის უდანაშაულობასთან დაკავშირებით კითხვები აღარავის უჩნდება. რამიშვილი ამბობს, რომ ამ ყველა კითხვას გასცა პასუხი.
„ვინც კი დაინტერესდა, ჩემგან პირადადა ყველაფერზეა პასუხი გაცემული. მე არაერთხელ მიხსენებია სასულიერო პირები, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები და საპატრიარქოს ადმინისტრაცია. არაერთხელ მითქვამს, რომ პროკურატურა სხვა სასულიერო პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა მამა გიორგის. ამ საკითხზე ბრალდების მხარესთან ყოველთვის უთანხმოება გვქონდა“.
„გიორგი მამალაძის საქმე გადასახედია და დეკანოზს სინოდმა უნდა მოუსმინოს“ - ფოთისა და ხობის ეპარქია
მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ინახულეს. შეხვედრის შემდეგ კი მისმა სამდივნომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მიტროპოლიტი „ციანიდის საქმის“ ხელახლა გამოძიებას ითხოვდა.
„საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, მღვდელმთავრები მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმის საფუძვლიანი გადახედვა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ; ასევე მიიჩნევენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საეკლესიო წესების თანახმად, უნდა მიეცეს საშუალება, როგორც სასულიერო პირმა, წმიდა სინოდს პირადად მოახსენოს ყოველივე ის, რის საჯაროდ გაცხადებასაც პრინციპულად დაუშვებლად მიიჩნევს, მიუხედავად დიდი საზოგადოებრივი ინტერესისა.
მეუფეთა აზრით, უშუალოდ პატიმრისგან მიღებული ინფორმაცია, რაგინდ მძიმე იყოს იგი მოსასმენად, წმიდა სინოდის წევრებს, მათი მაღალი სულიერი მსახურებიდან გამომდინარე, დაანახებს იმ მდგომარეობის მთელ ტრაგიზმს, რომლის მსხვერპლიც აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე“,- ნათქვამია განცხადებაში.