ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მან „TV პირველის“ ეთერში განმარტა, თუ რატომ არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„მოსამზადებელი იყო ეს თემა, მე ვეთანხმებოდი სამედიცინო მიზნით მარიხუანის გამოყენების დაშვებას. იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის არაპირდაპირი რეკლამა მიდიოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხელი შეუშალა ნარკოპოლიტიკის რეფორმას დეკრიმინალიზაციის მიმართულებით იმიტომ, რომ გზავნილები აირია. მოსახლეობა უკვე ვეღარ არკვევდა, ჩვენ რა გვინდოდა - ის, რომ ყველას მოეწია მარიხუანა ლეგალურად, თუ ის გვინდოდა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შეგვემცირებინა, განსაკუთრებით კი ე.წ. მძიმე ანუ საინექციო ნარკოტიკების, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სოციალური ჯანდაცვითი პრობლემაა“, - განაცხადა ზოიძემ და დასძინა, რომ - „ახლა ლეგალიზაცია კი არ მოხდა, არამედ შეიქმნა საკანონმდებლო ვაკუუმი მარიხუანასთან დაკავშირებით“.
კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მარიხუანის საკითხზე სწრაფად არის მისაღები მკაცრი რეგულაციები.
„ჩვენ საკონსტიტუციოს გადაწყვყეტილება გვაძლევს მკაცრი რეგლამენტაციის საშუალებას, მაგალითად, თუკი თამბაქოს შენობებში მოწევის აკრძალვა შევძელით, რომ სხვები არ დააზიანონ, მარიხუანასთან მიმართებით არასრულწლოვნების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან კვლევებით დამტკიცებულია, რომ, როდესაც არასრულწლოვნების ასაკში მარიხუანის რეგულარულ მოხმარებას იწყებს ადამიანი, 7-ჯერ იზრდება ფსიქოზური გვერდითი ეფექტების ალბათობა და გონებრივი განვითარების ჩამორჩენის ალბათობა უკვე მოზრდილ ასაკში, ამიტომ არასრულწლოვანთათვის კატეგორიულად უნდა იყოს აკრძალული მარიხუანის მოხმარება“, - განაცხადა ზოიძემ.
მოგვიანებით აკაკი ზოიძემ Facebook-გვერდზეც დაწერა, თუ რა სახის საკანონმდებლო ნორმებია მისაღები, რომლითაც მარიხუანის მოხმარება მკაცრად დარეგულირდება:
უნდა აიკრძალოს 21 წლამდე მოხმარება;
საჯარო ღია და დახურულ სივრცეებში მოხმარება;
საჯარო მოხელეებისა და მთელი რიგ პროფესიების ადამიანებისათვის (მძღოლის, მემანქანის, ექიმის, მასწავლებლის და ა.შ.) მოხმარება;
მარიხუანის ნებისმიერი ფორმით რეკლამირება და სპონსორობა;
მკაცრად უნდა დაისაჯოს არასრულწლოვნების წახალისება მარიხუანის მოხმარებაზე და ა.შ.