
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ყველა სანქციის გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" ლიდერების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურია.
მოსარჩელეებმა სადავოდ გახადეს მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.
კანონის აქამდე მოქმედი რედაქციით, მარიხუანის პირველ ჯერზე მოხმარება ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1-დან 6 თვემდე ვადით.
2017 წლის 30 ნოემბერს „გირჩის" სარჩელით, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ორგანიზმში მარიხუანის კვალის აღმოჩენის გამო, რამდენჯერაც არ უნდა მოხდარიყო ეს, ადამიანი სისხლის სამართლის წესით ვეღარ დაისჯებოდა, მაგრამ შეიძლება დასჯილიყო ადმინისტრაციული წესით.
„გირჩის" ახალი საკონსტიტუციო სარჩელი კი სწორედ მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებდა.