საქართველოს მთავრობამ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა - შესაბამისი დადგენილება 2018 წლის 27 ივლისს მიიღეს.
ჩამონათვალი „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის საფუძველზე განისაზღვრა. გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
დადგენილება მოიცავს შენობებისა და ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, ნახშირის, ასევე, ფერადი ლითონების მადნის მოპოვებასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს და სხვა (იხილეთ ჩამონათვალი სრულად);
პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო
საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი დადგენილებით დამტკიცდა აღნიშნულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესი და პირობები.
შერჩევით კონტროლს დაექვემდებარება დამსაქმებელი, თუ:
აასრულებს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს;
არსებობს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მაღალი ალბათობის შესახებ;
არსებობს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ;
არსებობს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში დაფიქსირებული პროფესიული დაავადების შესახებ;
არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ჯანდაცვის მინისტრი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.