ხორავას საქმეზე პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი ოთო კახიძე განმარტავს, თუ რატომ დაუსვა საგამოძიებო კომისიამ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მხოლოდ ორი კითხვა.
„მისთვის დიდი დრო არ წაგვირთმევია და არც პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში შევსულვართ, ორი კითხვა დაისვა, საქმიანად - როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და მორჩა“ - კახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიას მისგან აინტერესებდა, იცნობდა თუ არა მირზა სუბელიანს.
„თეა წულუკიანი დასაკითხ პირთა სიაში შევიყვანეთ საზოგადოების ნაწილის, მათ შორის დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე. ის მეგობრობს სუბელიანის ნათესავთან, სოზარ სუბართან. ამიტომ ლეგიტიმურად გასარკვევი იყო და არის მისი ნაცნობობის საკითხი მირზა სუბელიანთანაც. ეს სამართლებრივი მხარე.
რაც შეეხება მისი, როგორც მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აღნიშნულის შესაფასებლად მოვიხმეთ წულუკიანის 31 მაისის განცხადება, კომისიის მუშაობის დაწყებამდე და ახლა, როცა კომისიამ არაერთი ფუნდამენტური პრობლემა გამოკვეთა პროკურატურის მუშაობაში.
მისთვის დიდი დრო არ წაგვირთმევია და არც პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში შევსულვართ, ორი კითხვა დაისვა, საქმიანად - როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური და მორჩა“,-წერს ოთო კახიძე Facebook-ზე.
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დღეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმინეს. თეა წულუკიანის გამოკითხვა 4 წუთი გაგრძელდა.