
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიება დაიწყება სოციალური მედიის 346 მომხმარებელთან მიმართებაში, რომლებიც, მათი თქმით, ლირის გაუფასურებაზე „პროვოკაციულად“ წერდნენ, რამაც ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყება სოციალური ქსელის იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც 7 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ ლირის გაუფასურებაზე.
________________________________________
თურქეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ლირის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა ზომას მიმართავს. ცენტრალური ბანკის განცხადებით, უზრუნველყოფილი იქნება ბანკების ლიკვიდურობა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის ამ განცხადებამდე ლირა დოლართან მიმართებაში 9%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო უკვე დღეს დილით - 6%-ით.
თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა.
ანკარა მას ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს. ბრანსონის დაკავების პასუხად დონალდ ტრამმა გააორმაგა ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რამაც ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია.