Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ამბობს ხორავას ქუჩის საქმის კომისიის დასკვნა სკოლებში უსაფრთხოების მდგომარეობაზე

05 სექტემბერი, 2018 19:02

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ასრულებს. კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა. დასკვნის მეოთხე თავი სკოლებში უსაფრთხოების საკითხს ეხება.

საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასა და გამოძიების მასალებზე დაყრდნობით კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პირველ ქვეთავში აღწერილია, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი სკოლაში მოსწავლეებს შორის და რა რეაგირება ჰქონდათ კონფლიქტზე სკოლის ადმინისტრაციასა და მანდატურებს. შემდეგ ქვეთავებში კი ყურადღება გამახვილებულია, თუ როგორი რეაგირება ჰქონდა განათლების სამინისტროს მომხდარზე და რამდენად კოორდინირებულია სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებისა და შსს-ს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

51-და  პირველი ექსპერიმენტული სკოლების ადმინისტრაციისა და მანდატურების როლი

საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, ხორავას ქუჩის ტრაგედია განვითარებას იწყებს სკოლიდან, კერძოდ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს.

აქვე ნათქვამია, რომ მანდატურის სამსახურის უფროსის ბრძანება N17-ის საწინააღმდეგოდ არც ერთი მანდატური არ აკონტროლებდა სკოლის პერიმეტრს, როგორც უშუალოდ, ისე სათვალთვალო კამერების მეშვეობით, რის გამოც მანდატურებს უყურადღებოდ დარჩათ სასწავლო პროცესის შემდგომ სკოლის წინ ათეულობით მოსწავლის შეკრება და ჯგუფური გადაადგილება.

კომისიის დასკვნით, იმის გათვალისწინებით, რომ სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ იცოდა მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტის, ასევე ზოგადად ამ მოსწავლეების პრობლემური ქცევისა და უცხო სკოლელების სკოლასთან მისვლის შესახებ, მას ადეკვატურად უნდა შეეფასებინა ვითარება და მეტი ყურადღება გამოეჩინა კონფლიქტის შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად. კომისიის შეფასებით, მანდატურებს ასევე ევალებოდათ მეტი ძალისხმევა, როგორც სკოლის პერიმეტრის კონტროლისთვის, ისე დირექტორის მოადგილისგან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და მოსწავლეთა დიდი ჯგუფის დასაფიქსირებლად. დასკვნის თანახმად, ხაზგასასმელია ისიც, რომ არც დირექტორის მოადგილემ და არც მანდატურებმა არ შეატყობინეს პოლიციას სკოლაში არსებული აშკარა კონფლიქტური მდგომარეობის თაობაზე.

როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი, პრობლემურია ის ფაქტიც, რომ არც 51-ე საჯარო სკოლისა და არც პირველი ექსპერიმენტული სკოლის ადმინისტრაციებს, არ გამოუკვლევიათ პირველი დეკემბრის მოვლენები, არ უმსჯელია შესაძლო გადაცდომებსა და ასეთი შემთხვევების პრევენციის ღონისძიებებზე.

როგორი იყო განათლების სამინისტროს რეგირება

კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტსა და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოში 2018 წლის ივლისამდე არ მიმდინარეობდა 51-ე საჯარო და პირველი ექსპერიმენტული სკოლების თანამშრომლების ქმედებების კანონიერების შესწავლა. ამის მიზეზად სამინისტრომ დაასახელა საქმესთან დაკავშირებული პირების მიერ გაუთქმელობის ხელწერილების არსებობა.

გარდა ამისა, როგორც დასკვნაშია ნათქვამი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არც ერთ სამსახურს არ ამოუღია სკოლების შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებით 1-ელ დეკემბერს გადაღებული მასალა, რაც მნიშნველოვანი იქნებოდა ინციდენტისა და პასუხისმგებელი პირების რეაგირების შესასწავლად.

გარდა ამისა, აქვე ვკითხულობთ, რომ პირველი ახსნა-განმარტებითი ბარათები მანდატურის სამსახურის მიერ მოპოვებულია ტრაგედიიდან 4 თვის დაგვიანებით, რითაც, სავარაუდოდ დაიკარგა ფაქტის უშუალო შემსწრეთაგან დეტალების გახსენების შესაძლებლობა. კომისიის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ ისედაც დაგვიანებით მოპოვებული ინფორმაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეაგირებისთვის გადაეცა კიდევ 4 თვის დაგვიანებით, ანუ, საბოლოო ჯამში, ტრაგედიიდან მე-8 თვეს - მას შემდეგ, რაც კომისიამ სამინისტროსგან გამოითხოვა მოკვლევის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

დასკვნის თანახმად, მოცემული ფაქტები მიუთითებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასა და სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების მიჩქმალვას.

ბავშვთა რეფერირების პროცედურა და შსს-ს როლი

როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი, დასტურდება, რომ არ არსებობს სკოლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, შსს-ს მიერ უგულებელყოფილია და არ სრულდება მთავრობის დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე”.

რეფერირების პროცედურა გულისხმობს სკოლის მხრიდან ინფორმაციის გადამისამართებას სხვა შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირების მიზნით.

დასკვნის თანახმად, მანდატურის სამსახურის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის და სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურების მიერ ნაწარმოები დოკუმენტაციით დასტურდება, რომ დარღვევათა გარკვეული კატეგორია ცნობის სახით სავალდებულოდ მიეწოდება თბილისის პოლიციის არასრულწლოვანთა განყოფილებას.

იმ კატეგორიის დარღვევები, როგორებიცაა სკოლაში მაღალი რისკის საგნების (დანა, ბასრი ან მჩხვლეტავი საგანი და სხვა) აღმოჩენა და მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები შედის არასრულწლოვანთა განყოფილებისათვის სავალდებულოდ მისაწოდებელი ინფორმაციის ნუსხაში.

შსს-ს ევალება ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გადამოწმება და შემთხვევის მართვა, რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებსა და შესაბამისი შიდა ინსტრუქციების მიხედვით.

როგორ გავხადოთ სკოლა უსაფრთხო

უსაფრთხოება სკოლაში - რას ამბობს სტატისტიკა

როგორც დასკვნაშია ნათქვამი, საგამოძიებო კომისიისთვის მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ფაქტორები, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, წარმოადგენს სისტემურ და მზარდ პრობლემას. აქვე ვკითხულობთ, რომ კომისიის მიერ გაანალიზდა სტატისტიკა, რაც ადასტურებს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემებს.

სტატისტიკის ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ:

საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები: - 2015-16 წელი  – 2582 შემთხვევა; 2016-17 წელი - 2538; 2017-18 წელი - 3673.

ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარება. კერძოდ, - 2015-16 სასწავლო წელი – 1806 შემთხვევა; 2016-17 სასწავლო წელი - 1866; 2017-18 სასწავლო წელი  - 2452;

ასევე, გაზრდილია  ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე კონფლიქტში მონაწილე მოზარდების სკოლებში. კერძოდ, - სკოლიდან გაპარვა ქვეყნის მასშტაბით: 2015-16 სასწავლო წელი - 8403 შემთხვევა; 2016-17 სასწავლო წელი-8951; 2017-18 სასწავლო წელი -10838;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^