
მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ დღეს, 6 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას რადიო „მარნეული“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აბაზოვს ბრალი 157-ე პრიმა პირველი და მეორე მუხლებით დაუმძიმდა, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას. თემურ აბაზოვი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 13 ივნისს დააკავეს. 14 ივნისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.
როგორც აბაზოვის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, აბაზოვის მიმართ წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია და მხოლოდ ერთი პირის ჩვენებებს ეყრდნობა.
„ერთადერთი დაზარალებული პირის ჩვენება არის საფუძველი და სახელმძღვანელო პრინციპი ბრალდების მხარისთვის. სხვა მტკიცებულება, პირდაპირი მტკიცებულება თუ გნებავთ ირიბი მტკიცებულება, მოწმე რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს საქმეში არ არსებობს" - აცხადებს რადიო „მარნეულის“ ცნობით, გაგი მოსიაშვილი