განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, აუდიტის დასკვნა გამოავლენს გრიფირების პროცესში არსებულ დარღვევებს, თუმცა სისტემური ხასიათის დარღვევები უკვე შესამჩნევია. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„პირობა დავდეთ, რომ წიგნების გრიფირების პროცესი სექტემბრის ბოლოს უნდა დავამთავროთ, თუმცა ამასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მოგვმართავენ ავტორები და გამომცემლები. გარდა წერილობითი მომართვებისა, ძალიან ხშირია შეხვედრებიც. ჩვენ მზად ვართ ყველასთან შესახვედრად. რამდენიმე ასეთი შეხვედრა გამომცემლებთან მე თავად მქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური, ჩემი მითითებით, პირველივე დღიდან არის ჩართული ამ პროცესში. აუდიტის დასკვნამ უნდა გვაჩვნოს რა დარღვევები იყო, თუმცა ახლავე გეუბნებით, რომ სისტემურ დარღვევებს ახლავე ვხედავთ.
ამას პირველივე დღიდან ვამბობდით. არ შეიძლებოდა პროცესი მოგვეყვანა ბოლო წუთამდე. ბოლო დღეებში გაკეთებული საქმის არ მჯერა. ახლა გვიწევს ყოველდღიურ რეჟიმში ბრძოლა, იმისთვის, რომ სკოლებში შევიდეს 1-დან მე-6 კლასამდე წიგნები. ბევრი სტამბა, რომელიც წიგნებს ბეჭდავს, შეიძლება ითქვას, გმირობას სჩადის, რადგან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ასეთ არანორმალურ პირობებში არ უნდა გვიწევდეს მუშაობა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ჟურნალისტების კითხვა, განათლების სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული საკადრო ცვლილებები ხომ არ არის დაკავშირებული წიგნების გრიფირების ხარვეზებთან, მინისტრმა უპასუხა, რომ ნებისმიერ საკითხში გამოვლენილ პრობლემას სამინისტრო სათანადოდ უპასუხებს და არ მოერიდება. მისივე თქმით, ის სიტუაცია, რომელიც მას სამინისტროში მოსვლისას დახვდა, არ აკმაყოფილებდა.