სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. ამის შესახებ სუს-ის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
სუს-ის ინფორმაციით, თვალავაძე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში, ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრიუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
გია თვალავაძე უწყებას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.
ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.
თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი", - აცხადებენ სუს-ში.
--
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის მარტში საგამოძიებო სამსახურმა ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილიც დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები.
როგორც მოგვიანებით „ლიბერალმა" გამოარკვია, დავით მაჭარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.