9 სექტემბერს „ომეგა ჯგუფის“ შესახებ, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ ფლობს პირველი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ფარულ ჩანაწერში „ომეგას“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, სანაცვლოდ კი „ქართული ოცნებისთვის“ ფულის გადაცემას სთხოვს. საუბარში ახსენებენ ტელეკომპანია „იბერიასაც“, რომელიც მთავრობას „აწუხებს“.
მას შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ფარული ჩანაწერები „ომეგასა“ და „იბერიის“ შესახებ რამდენჯერმე გამოაქვეყნა. საუბრების ავთენტურობა დამტკიცებული არაა. ჩანაწერებში ნახსენებია ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები ან მთავრობასთან დაახლოებული პირები. ნახსენებია უჩა მამაცაშვილი (ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი), დიმიტრი ქუმსიშვილი, ნოდარ ხადური, ვანო ჩხარტიშვილი და თავად ბიძინა ივანიშვილი.
პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო, დღეს კი საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა. პროკურატურის განმარტებით, პირთა იდენტიფიცირებისთვის დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზებიც.
მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების რეაგირებას ამ საქმეზე არასათანადოდ მიიჩნევენ. NGO-ებმა დღეს გაავრცელეს განცხადება და მოუწოდეს მთავრობას, რომ მყისიერად იმოქმედოს, რადგან ჩანაწერებში მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში ჩართულობა იკვეთება.
მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის თქმით, მთავრობის წევრების შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ჩართულობა ყველაზე ნეგატიური პროცესი იქნება, რაც კი შეიძლება, ქვეყანაში განვითარდეს. ხოლო ცალკე პრობლემაა კიდევ მედიაზე ზეწოლა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამოვდივართ იმ პრინციპიდან, რომ ის ჩანაწერები არავის გაუხდია სადავოდ. სადავო შეიძლება გახდეს ის კონკრეტული გარემოებები, თუ რა ვითარებაშია ეს საუბრები ჩაწერილი.
ამიტომაც შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ იმაზე, რომ მთავრობის წარმომადგენლები ასეთი ტიპის გარიგებებში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ. სთავაზობენ ხალხს ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების ასეთ მოგვარებას.
მეორე თემაა, რომ „ბიზნესში მოგვარებას“ და კორუფციულ გარიგებებში ისინი საპირწონედ იყენებენ მედიას. მედია არის განტევების ვაცი, რაც ძალიან სამწუხარო ამბავია. მნიშვნელოვანი პროცესი - მედიის გარემოს გაჯანსაღება რაც დაიწყო, ვხედავთ, რომ ის აღარ მიდის. პირიქით, მედიაგარემოზე ხდება ასეთი ტიპის ზეწოლა“, - უთხრა ქორიძემ „ლიბერალს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერმა მამუკა ანდღულაძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ ამ საქმეში ძალიან დიდი კორუფციული სკანდალის ნიშნებია და პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ საქმე ბოლომდე გამოიძიონ.
„პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, გამოიძიოს და იმ სერიოზულ კითხვებს, რაც გაჩნდა, გასცეს პასუხი. უბრალოდ გამოძიების დაწყების ფაქტი არ ნიშნავს, რომ ლეგიტიმური კითხვები გაქრება.
ეს გვაგონებს, როგორ მუშაობდნენ ძველი მოხელეები. რის გამო უჩნდებათ ბიზნესმენებს განცდა, რომ მხოლოდ სამართლებრივი გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების დახმარების გარეშე არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება. ეს არის დიდი პრობლემა“, - უთხრა მამუკა ანდღულაძემ „ლიბერალს“.
ანდღულაძის თქმით, ასევე პრობლემაა ისიც, რომ მედია ვერ ჩამოყალიბდა ბიზნესად და მიბმულია პირდაპირ მედიამფლობელის დაფინანსებაზე. „ესეც, რა თქმა უნდა, მთელ მედიაგარემოს უშლის ხელს და მდგრადობის კუთხით, მის სისუსტეს აჩვენებს“, - დასძენს ანდღულაძე.
„იბერიასთან“ დაკავშირებული ჩანაწერებიდან იმავე პრობლემას ხედავს ზვიად ქორიძე. მისი თქმით, ბიზნესმენებზე დამოკიდებულება ხელს უწყობს ერთი მხრივ იმას, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს მასზე ირიბი ზეწოლა, მეორე მხრივ კი, თავად ბიზნესოპერატორები მედიაკომპანიებს იყენებენ „მეხამრიდად“.
„მედია დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, რომ სხვა ტიპის ბიზნესმა შეინახოს მედიაბაზარზე. ხშირად კი ისეც ხდება, რომ თავად ეს ბიზნესები იყენებენ მეხამრიდად ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. სთავაზობენ ასეთ რამეს - შენ თუ მე ბიზნესში რამე პრობლემას გამიჩენ, მაშინ მე გამოვიყენებ ჩემს მედიას და ესეც ძალიან სამწუხაროა.
ჩვენ, „იბერიის“ ისტორიაზე დავინახეთ, ფაქტობრივად, ყველა ის მეტასტაზი, რომელიც დღეს მედიის გარემოს და დემოკრატიულ გარემოს ქვეყანაში აქვს“, - ჰყვება ზვიად ქორიძე.
ამიტომ ქორიძე მიიჩნევს, რომ ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები კანონის ფარგლებში უნდა მოგვარდეს, გამორჩევის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა ესა თუ ის ბიზნესმენი რომელ მედიას ფლობს. თუმცა, იქ დასაქმებული ჟურნალისტებისთვის უფრო დიდი პრობლემაა არაფორმალური მოლაპარაკებები.
„ეს არის პრობლემები, რომლებიც გამოჩნდა ამ ისტორიით, ეს არის მრავალხმრივი პრობლემა და კომპლექსურად უნდა დავინახოთ. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მორალური დარტყმა მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც იქ მუშაობდნენ. პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ მთავრობის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები როგორ აღიქვამენ მედიის და ჟურნალისტების საქმიანობას“, - ამბობს ქორიძე „ლიბერალთან“.
მამუკა ანდღულაძის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება და მისი დაცვა, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფოს მოვალეობაა. ხოლო „იბერიის“ საქმე, ანდღულაძის თქმით, მედიაგარემოზე ძალიან ცუდად აისახება.
„რა თქმა უნდა, პრობლემაა გამოხატვის თავისუფლების კუთხით. მედიას ეშლება ხელი. წარმოიდგინეთ, ჟურნალისტები ყოველდღე სტრესულ გარემოში მუშაობენ და ისიც არ იციან, რომ ერთ დღეს კიდევ მივლენ თუ არა სამსახურში. მედია რთულ მდგომარეობაშია და ჟურნალისტებს მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა“, - ამბობს მამუკა ანდღულაძე „ლიბერალთან“.