Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნივერსიტეტებისათვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება - რა საკითხებზე იმსჯელეს პარლამენტში

25 სექტემბერი, 2018 21:10

დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სამუშაო შეხვედრა რექტორთა საბჭოსა და ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან, უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართა.

საქმე ეხება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის/გაუვიდა, ვადა ავტორიზაციისთვის 2020 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდება.

საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, თუმცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განხილვა გადაიდო. პარლამენტის  თავმჯდომარის განმარტებით, მიზეზი დარგის სპეციალისტების შენიშვნებია და ცვლილებები დამატებითი კონსულტაციების საჭიროებს.

მარიამ ჯაშმა დღეს განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა არ შეჩერდება. გადაწყვეტილება კი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, იქნება „საერთო მსჯელობითა  და არგუმენტებით შეჯერებული“.

„ ჩვენ გვაქვს რექტორთა საბჭოს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერა, უშუალოდ დამატებითი ვადის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, თუმცა დაისვა კითხვები როგორ შეიძლება დაბალანსდეს უკვე ავტორიზაცია გავლილი უნივერსიტეტების საკითხი. დღეს მოვისმინე ყველა არგუმენტი და მოსაზრება ავტორიზაციის პროცესის ხარვეზებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დავადასტურეთ რომ არის მნიშვნელოვანი ხარისხობრივი პრობლემები, სუბიექტივიზმის რისკები, რომლებიც ხორციელდებოდა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ევროპის ასოციაციის ჩართულობით პროცესების დახვეწაზე“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდგომ. 

პლენარულ სხდომამდე უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილმა განცხადება გაავრცელა. ისინი აღნიშნულ ცვლილებას დაუშვებლად მიიჩნევენ და გამოთქვამენ ეჭვს, რომ დაგეგმილი ცვლილება ემსახურება იმ ცალკეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესებსრომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილებაექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუშლის უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესს.

ექსპერტთა შეფასებით, უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა აღნიშნული განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერი, უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი ირინე დარჩია, რომელიც ამასთანავე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს წარმოადგენდა. მისი თქმით, ექსპერტები, რომლებსაც კანონპროექტთან დაკავშირებით ჰქონდათ კრიტიკული დამოკიდებულება სამუშაო შეხვედრაზე რექტორთა საბჭოს მსგავსად მიწვეულნი არ ყოფილან.

ირინე დარჩიამ შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა იმ რისკებზე, რომელიც ცვლილებების მიღების შემთხვევეში უმაღლესი განათლების სისტემას ემუქრება. 

„დღეს ჩვენ წინასწარი შეფასებებით ვართ ძალიან ახლოს  ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობასთან. ამ ცვლილებების ლოგიკა ასეთია, უარს ვამბობთ მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტზე, უარს ვამბობთ ავტორიზაციის ეროპულ სტანდარტთან შესაბამისობაზე, უარს ვამბობთ ასოციაციის წევრობაზე. ეს ხელს გვიშლის იმაში, რომ უფრო სანდო გავხადოთ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა, ასევე ეს გადაწყვეტილება ურტყამს ჩვენს იმიჯს. რა პასუხს ვეუბნებით ევროპელ კოლეგებს, რომ უნივერსიტეტების რაღაც ნაწილმა სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა და გავაჩერეთ ეს პროცესი? ეს იმიჯისთვის არის დამღუპველი.

როდესაც ვლაპარაკობთ მაღალ მატერიებზე , ჩვენ გვავიწყდება მთავარი, ჩვენ გვავიწყდება სტუდენტი, რა ჯობია სტუდენტისთვის? ხომ არ ჯობია სტუდენტებისთვის რომ ქვეყანაში არსებობდეს ისეთი ხარისხის უზრუნველყოფის ინსტიტუციური შეფასების სტანდარტი, რომელიც მორგებული იქნება იმ უნივერსიტეტებზე რომლებიც რეალურად ევროპულ სტანდარტთან არიან მიახლოებულები? თუ 14 უნივერსიტეტმა მოასწრო დაკმაყოფილება ამ სტანდარტების, მეტნაკლები წარმატებით, გვინდა ჩვენ ის უნივერსიტეტები რომლებსაც ეს დრო არ ეყოთ? რახან 14 მოასწო ეს ყოფილა მოსწრებადი და შესაძლებელი, მათ შორის არიან  დიდი სახელმწიფო უნივესრტიეტები, რეგიონული უნივერსუიტეტები, კერძო უნივერსიტეტები “,- განაცხადა ირინე დარჩიამ.

ჯაშის ნათესავი მუშაობს ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რომელსაც შესაძლოა ავტორიზაციის ვადა გაუხანგრძლივდეს

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც.

„კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიზეზი უნივერსიტეტებისთვის არასაკმარისი დროა, თუმცა სწორედ ეს ვადები ჰქონდათ იმ უნივერსიტეტებსაც, რომლებმაც უკვე წარმატებით აგაიარეს ავტორიზაცია.მეორე არგუმენტი, რაც დღევანდელი განხილვის დროს გამოჩნდა იყო ის, რომ ავტორიზაციის პროცესი თვითონ შეიცავს არაერთ ხარვეზს, ესეც ბუნებრივია ვრცელდება იმ დაწესებულებებზე რომლებმაც უკვე გაიარეს ავტორიზაცია.“,- მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებებით კი არათანაბარ პიროებებში აღმოჩნდებიან უნივერსიტეტები. 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, „რკინისებური დასაბუთება“ სჭირდება კანონპროექტის მიღებას, მისი განმარტებით, არ უნდა მოხდეს უმაღლესი სასწავლებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება და ამ მხრივ რაიმე გამონაკლისის დაშვება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანიც მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი უნივერსიტეტებს არათანაბარ პირობებში აყენებს. 

„კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლამდე უნდა გადაიწიოს ავტორიზაციამ, აშკარად არის პროტექციონისტული და უთანასწორო ვითარებაში აყენებს სხვადასხვა უნივერსიტეტებს. მათ შორის მათ, ვინც უკვე გაიარა ავტორიზაცია და დასკვნები მომზადებულია. ამ შემთხვევაში ეს არის უთანასწორობის აშკარა დემონსტრირება. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც შავი ზღვის უნივერსიტეტს, რომელმაც გაიარა ავტორიზაცია, ფინანსური დავის გამო შეუჩერეს ერთი წლით მიღება. ეს არის პროტექციონიზმი და აშკარად რეფორმის მიმართულებით უკან დახევა“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

რექტორთა საბჭოს წევრების დიდი ნაწილი, რომლებიც დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ცვლილებებს ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარს უჭერენ.

როგორც მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდგომ აღნიშნა, მომდევნო შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება, იქნება დამატებითი კონსულტაციები სამინისტროსთან თუ როგორ შეიძლება ცვლილებები უფრო „დაბალანსებული“ იყოს.

„იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტი პლენარულ სესიაზე მიიღებს ყველა ამ არგუმენტის გათვალისწინებით შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

*****************

ისეთი უნივერსიტეტი, სადაც უკვე იმყოფებოდნენ ექსპერტები, მაგრამ ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჯერ არ გამართულა, სულ ათია:

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიეტეტი;

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ქუთაისის უნივერსიტეტი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საქართველოს ტექინკური უნივერსიტეტი;

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი (უნიჯეო);

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

ისეთი უნივერსიტეტი კი, სადაც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს ექსპერტთა ვიზიტი სულ ექვსია:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია;

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;

თბილისი ღია სასწავლო უნივერსიტეტი;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.

სამინისტრო: ავტორიზაციის პროცესის კორექტირება გამოწვეულია გამოვლენილი ხარვეზებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^