იუსტიციის სახლი მოქალაქეთა ნაკადს ვეღარ უმკლავდება.
გადაჭარბებული ნაკადი იუსტიციის სახლში განპირობებულია ორი კონკრეტული სერვისით, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება.
თბილისის იუსტიციის სახლის განცხადებით, დღეს მომხმარებელს საგანგებო რეჟიმში 22:00 საათამდე მიიღებენ.
რომელ მეწარმეებს ეხება ბრძანება, რის გამოც დღეს იუსტიციის სახლი გადაიტვირთა
„მომხმარებლები, რომლებმაც არ გამოიყენეს შესაბამისი მომსახურების მისაღებად მიცემული ვადა და მხოლოდ დღეს მიმართეს იუსტიციის სახლს (რამაც იუსტიციის სახლში ნაკადების მკვეთრად ზრდა გამოიწვია), იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განკარგულებით, მომსახურების მიღებას დღეს 22 საათამდე შეძლებენ. იუსტიციის სახლი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული". - ამბობენ იუსტიციის სახლში.
როგორც ცნობილია, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და 1 ოქტომბრამდე გრძელდებოდა.
პირველ ოქტომბრამდე ეწურება ვადა ასევე, ტაქსის ლიცენზირებას, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.
როგორც იუსტიციის სახლის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, „მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი მინიმუმ თვეზე მეტია, მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1 ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.
იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენ ვთხოვთ მომხმარებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ იმისათვის, რომ არცერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას".