ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც არხის მტკიცებით, სავარაუდოდ, ოქუაშვილის თანხის გატანაა ასახული. ფოტოზე სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, სავარაუდოდ, ბანკის მოსაცდელში ზის.
მასთან ერთად არის პირი, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ადრე გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს. წინა ფოტოზე ის პირი ჩანს იმ შავ მანქანასთან, რომელიც ბანკის შესასვლელთანაა გაჩერებული და რომლითაც ფული უნდა წაიღონ. „კურიერის“ ინფორმაციით, ეს კაცი კომპანია „ოლიმპუსის“ დირექტორი ალექსანდრე ხაჩიშვილია.
ზაზა ოქუაშვილმა გუშინ „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში თქვა, რომ ივანიშვილი მას 4 მილიონს სთხოვდა, რომ საქართველოში ბიზნესსაქმიანობა გაეგრძელებინა. ბიზნესმენის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მიუგზავნა.
ზაზა ოქუაშვილი ჰყვება, რომ 4 მილიონი იძულებით გადაარიცხინეს ანგარიშზე, რომლიდანაც 24 საათში თანხა ნაღდი ფულით ყოველგვარი ანგარიშსწორების წესის დარღვევით, იმ დროს ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას ზეწოლით გაიტანეს. ოქუაშვილის თქმით, ამ პროცედურას ესწრებოდნენ თიბისი ბანკის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეებიც, რომლებიც ასევე განიცდიდნენ ზეწოლას.
თიბისი ბანკი „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს მის საპასუხოდ.