კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე მუცოს ფოტოებს ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარესტავრაციო ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური პროექტის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
სააგენტო: საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, მუცოს რეაბილიტაცია სრულდება
პროექტის დამასრულებელი ეტაპი სოფლის ზედა უბნის სრულ რეაბილიტაციასა და ციხე-სოფლის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებს. სააგენტოს ინფორმაციით, ზედა ტერასის ყველა ციხე-კოშკი და მათი კონსტრუქციული ელემენტები ავთენტურ იერ-სახეს სრულფასოვნად დაიბრუნებს.
კლდეზე ნაგები კომპლექსის კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ძეგლის მდებარეობის, მისი სტრუქტურის, არქიტექტურული მდგომარეობისა და რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მუცოს კონსერვაცია წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, რაც ძეგლის არქიტექტურის სტრუქტურული რღვევის პროცესს იწვევდა.
________________________________
მუცო უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორტიფიკაციო, თავდაცვის სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს. ეს არის მიუვალი სიმაგრე და კომპლექსი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია და რომელიც განვითარებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფელი მუცო მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე.