ათენში საქართველოს საკონსულოს განცხადებით, დედას, რომლის შვილიც აუტიზმის მქონეა, საკონსულოსთვის ფინანსური დახმარებისთვის არ მიუმართავს. ამის შესახებ „ლიბერალს“ საკონსულოდან განუცხადეს. მათი თქმით, საელჩო შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედებს.
„საკონსულო შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, თუმცა ავიაკომპანიას აქვს შიდაგანაწესი, რაც რეგულირდება მათ მიერ “, - განუცხადეს „ლიბერალს“ საკონსულოში.
ბერძნულმა ავიაკომპანიამ ათენი-თბილისის რეისზე აუტიზმის მქონე ბავშვი თვითმფრინავში არ აუშვა, რის გამოც დედა და შვილი ამ დრომდე საბერძნეთში რჩებიან. როგორც ბავშვის დედამ, მარინა გესლაიძემ „ლიბერალთან“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბილეთი კვირისთვის აღებული აქვს, კომპანია გარანტიას არ აძლევს, რომ ბავშვს თვითმფრინავში აუშვებენ.
მარინა გესლაიძის თქმით, 1 ოქტომბერს რეგისტრაციის შემდეგ მოუწიათ ლოდინი, რის გამოც ბავშვი აღელდა, რის შემდეგაც ის ეკიპაჟის გადაწყვეტილებით არ აუშვეს.