„თბილისური ვოდევილი“ - ასე ჰქვია თბილისობის პირველი დღისთვის შექმნილ მიუზიკლს, რომელშიც დედაქალაქის მერია 366 043 ლარს იხდის.
როგორც სატენდერო ხელშეკრულებაშია აღნიშნული, მიუზიკლი რამდენიმე ძველ ვოდევილს(„ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ძუნწი“, „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა) აერთიანებს და სპეციალურად მისთვის ახალი ტექსტები და სიმღერები დაიწერება. მასში მონაწილეობას კი ქართველი მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ.
„ყველა ეთნოსითა და ყველა იმ ნიუანსით, რომელიც ახასიათებს თბილისს, სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება“, - აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
დოკუმენტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი შპს Art One-ია. მსურველებს მიუზიკლის ნახვა 6 ოქტომბერს, 20 საათზე „ევროპის მოედანზე“ შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ 366 043 ლარი მხოლოდ მიუზიკლის ღირებულებაა. სცენისა და დეკორაციებისთვის კი მერია დამატებით თანხებს იხდის. მიუზიკლის გასაფორმებლად საჭირო დეკორაციებში მერიამ ამავე შპს-ს 30 000 ლარი გადაუხადა, ხოლო სცენის მოწყობისთვის შპს Luma Development-ს - 17 500 ლარი.