დედაქალაქის მერია თბილისობისთვის გალაკონცერტსა და საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებას გეგმავს. ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე 7 ოქტომბერს, 19:30-ზე გაიმართება. ამავე დღეს, 14:00 საათზე ბარათაშვილის ქუჩაზე რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნაც იგეგმება. ორივე ღონისძიების საერთო ღირებულება კი 366 902 ლარია.
სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება.
ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება გალაკონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით; მუსიკალური ანსამბლები; სოლო შემსრულებლები და სხვები. კონცერტის დირიჟორი დავით დოიაშვილი იქნება. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი თბილისი მერი საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებს.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, კონცერტს პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი.
თბილისობის პირველ დღეს კი მოქალაქეებს ევროპის მოედანზე მიუზიკლის „თბილისური ვოდევილის“ ნახვა შეეძლებათ. სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, მასში დედაქალაქის მერია 366 043 ლარს იხდის.
დედაქალაქის მერია თბილისობისთვის დაგეგმილ მიუზიკლში 366 043 ლარს იხდის
დოკუმენტის თანახმად, მიუზიკლი რამდენიმე ძველ ვოდევილს(„ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ძუნწი“, „მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა) აერთიანებს და სპეციალურად მისთვის ახალი ტექსტები და სიმღერები დაიწერება. მასში მონაწილეობას კი ქართველი მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ. მიუზიკლი 20 საათზე დაიწყება.