უკანასკნელ რამდენიმე კვირაში რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა გაუგონარი სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ, რასაც მხარი აუბეს რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მორიგი დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის საქმიანობას.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი წარმოადგენს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიულ ერთეულს. ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის რეფერალური დაწესებულება", - ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, ყველა კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკური და სამეცნიერო კვლევა, რომელიც საერთშორისო წესებით საჭიროებს BSL-3 ლაბორატორიის გამოყენებას, ხორციელდება ლუგარის ცენტრში. ამასთან, BSL-3 სივრცეში დაშვება აქვთ მხოლოდ ქართველ მკვლევარებს.
ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა-წითურას), გარდა ამისა, საერთაშორისო ხარისხის კონტროლით ფუნქციონირებს შემდეგი ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიისა და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში. ცენტრს გააჩნია საერთაშორისო ISO აკრედიტაცია კლინიკურ ლაბორატორიულ კვლევებში", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო გაერო-ის კონვენციის შესაბამისობის საერთაშორისო სავარჯიშოს მოცემულ ობიექტზე მიმდინარე წლის 14-15 ნოემბერს უმასპინძლებს.
„აღნიშნული ღონისძიება ტარდება საქართველოსა და გერმანული მხარეების ორგანიზებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ ბიო-ექსპერტები 20-ზე მეტი ქვეყნიდან. საგულისხმოა, რომ მონაწილეობაზე შეთავაზება მიეწოდა ასევე რუსეთის მხარეს, სამწუხაროდ, მიღებულ იქნა კატეგორიული უარი რუსი ექსპერტების ჩართულობაზე.
რიჩარდ ლუგარის ცენტრის ფუნქციონირების გამჭვირვალობის ნათელ დასტურს წარმოადგენს რუსი ჟურნალისტებისა და ბიოექსპერტების ხშირი ვიზიტები, რის ფარგლებში მათ საშუალება მიეცათ დეტალურად გაცნობოდნენ კვლევების შინაარსობრივ ნაწილსა და ცენტრის საქმიანობას. მათ შორის ჯანმოს ღონისძიებების ფარგლებში, რომლის დროსაც რუსი ექსპერტები პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც ატარებდნენ ლაბორატორიაში", - განაცხადა გამყრელიძემ.
რუსეთი დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს მიიღებს იმ ფართო ბიოლოგიური ექსპერიმენტების საპასუხოდ, რომელსაც აშშ რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, კონკრეტულად კი საქართველოში აწარმოებს, - ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ დუმაში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.
მოსკოვში აცხადებენ, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ, მზადდება ქიმიური და ბიოლოგიური იარაღიც.
„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ თვალები დავხუჭოთ, ვიცით, რომ რაღაც პირდაპირ ეხება ჩვენს სამხრეთ საზღვრებზე უსაფრთხოებას. მივიღებთ დიპლომატიურ და სამხედრო ზომებს“ , - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ შამანოვმა.