2018 წლის 17 მაისს ანტიჰომოფობიურ აქციაზე სიტყვით გამომსვლელ ნიკა გორგილაძეზე თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს - ამის შესახებ „ლიბერალს“ პროკურატურაში განუცხადეს.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდაპირველად თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურში გამოძიება ძალადობის (126-ე მუხლის 1 ნაწილით) იყო დაწყებული, შემდგომ კი აღნიშნულ საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და ს.კ-.ს ბრალი წაუყენეს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით).
აღნიშნული მუხლით გათვალიწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
არასრულწლოვან ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა.
„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე ნიკა გორგილაძეს 15 წლის არასრულწლოვანი თავს დაესხა. ის ადგილზევე დააკავეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქმეს ძალიან სწრაფად გამოიძიებენ: „გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის დადგენა და ძალიან სწრაფად იქნება ეს საქმე გამოძიებული".