პარლამენტში ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს. პროექტის ინიციატორია ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები".
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მისი პროექტით, უქმდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის.
დავითაშვილის კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მისი შექმნის, მოხმარების, გამოყენების ან შეძენის ადგილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე და ჯარიმით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, დაისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით (აღნიშნული ჯარიმების მინიმალური ოდენობებია 5000 ლარი);
რაც შეეხება ადნიმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რაც პირველ ჯერზე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და მცირე ოდენობით ფლობაზე აწესებს პასუხისმგებლობას, დავითაშვილის კანონპროექტის ითვალისწინებს შემდეგს:
ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის), მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 400 ლარამდე ოდენობით და გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვიდან 2 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით და დაჯარიმებას იმავე ოდენობით;
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება იმ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სასწავლო, სამედიცინო ან საჯარო დაწესებულება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო ან დაწესებულება, ამ ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში, საქართველოს თავდაცვის ძალების დისლოკაციის ადგილას, ამ ადგილას განთავსებულ შენობა-ნაგებობაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე ოდენობით და გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვიდან 2 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით და დაჯარიმებას იმავე ოდენობით.
-
აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის ინიციატივით 2012 წელსაც გამოვიდა. მის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ალტერნატივა ადმინისტრაციური სასჯელი იყო და ნარკომომხმარებლების მაღალი ჯარიმებით დასჯას ითვალისწინებდა. დავითაშვილის ინიციატივა დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე დაიწუნეს და მისი თავიდან მომზადება მოითხოვეს.