სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა. მათი თქმით,მცდელობა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ დროულად აღკვეთა.
„გუშინ საღამოსვე, მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.
ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა.
ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება." - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.
სუბელიანის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი „მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში" იმყოფება, რის გამოც ციხეში შესულმა პროკურატურის წარმომადგენლებმა მისი დაკითხვა ვერ შეძლეს.