ფოტო: „ამერიკის ხმა"
იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით წარმოდგენილი პარლამენტის რეზოლუციის პროექტის „საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ კენჭისყრის საკითხი.
„სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის" შესახებ - „პატრიოტთა ალიანსს" რეზოლუციის პროექტი შეაქვს
რეზოლუციის პროექტის თანახმად:
1. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად;
2. ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები;
3. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე, რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტმა წარმოადგინა დასკვნა, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
„კომიტეტი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის პროექტით წარმოდგენილი მოთხოვნა შეფასების ნაწილში არის მსგავსი 2016 წლის ივნისის პარლამენტის დადგენილებისა, რომლითაც მოხდა 2004 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მმართველობის შეფასება ადამიანის უფლებების კუთხით და იზიარებს იმ დადგენილების შინაარსს, რომლითაც მმართველობის ეს წლები შეფასდა როგორც ძალადობრივი და ადგილი ჰქონდა სისტემური დანაშაულებების ჩადენას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, თუმცა წარმოდგენილი რეზოლუციის მოთხოვნა, რომელიც ეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად გამოცხადებას, ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც განაწილებულია კონკრეტული უფლებამოსილებები ხელისუფლების სამივე შტოს შორის. პარლამენტს არ აქვს უფლება კონკრეტული პირის მიმართ მოითხოვოს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და დამნაშავედ ცნობა. ასეთი ქმედება აღქმული იქნება როგორც პოლიტიკური ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე", - ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში, თუმცა აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტს აქვს უფლება გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოებს, რაც არაერთი რეკომენდაციით გაუკეთებია სწორედ მითითებულ დადგენილებებში. კომიტეტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, რომ მიუხედავ ასეულობით საქმის გამოძიებისა და დამნაშავე პირთა გამოვლენისა, რომელზეც უკვე დამდგარია არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, აუცილებელია წარსულში ჩადენილი ყველა დანაშაულის ობიექტური, ყოველმხრივი, სრულყოფილი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენის დასჯის და დაზარალებულთა კანონიერ უფლებებში აღდგენის მიზნით“.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.